Accessibility links

Breaking News

აშშ-ის მთავრობის პოზიცია

ენტონი ბლინკენი ნატოს მინისტერიალზე. ბრიუსელი, ბელგია. 4 დეკემბერი, 2024წ.
ენტონი ბლინკენი ნატოს მინისტერიალზე. ბრიუსელი, ბელგია. 4 დეკემბერი, 2024წ.

ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, „ალიანსმა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ყველაზე საგულისხმოდ გაძლიერდა, ვიდრე ბოლო ათწლეულების მანძილზე“.

ბლინკენის თქმით, „ნატო გაცილებით დიდი, უფრო ძლიერი გახდა, ის უკეთაა აღჭურვილი სამომავლო გამოწვევების დასაძლევად... ახლა ჩვენ ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია გვაქვს. ის აღიარებს რუსეთს, როგორც უპირველეს საფრთხეს ალიანსისთვის და ხაზს უსვამს უსაფრთხოების ახალ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვმოქმედებთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მომავალი საფრთხეებისა და ტრანსნაციონალური გამოწვევების ფონზე, რაც ახალ ტექნოლოგიებს, კლიმატის ცვლილებას და ტერორიზმს უკავშირდება“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ თუ 2020 წელს ნატოს მხოლოდ ცხრა მოკავშირე ასრულებდა საკუთარ ვალდებულებას - თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი დაეხარჯა - დღეს ამას 23 სახელმწიფო აკეთებს. მეტიც, ბლინკენის თქმით, ალიანსი "სამომავლოდ უზომოდ გაძლიერდა“ მას შემდეგ, რაც ნატოში ფინეთი და შვედეთი გაწევრიანდა.

„და თავად ალიანსმა გააძლიერა ჩვენი თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები; ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე; განვაახლეთ ჩვენი მართვის სტრუქტურა... ჩვენ გავაძლიერეთ შესაძლებლობები ყველა მიმართულებით, მათ შორის - კიბერ და გარე სივრცეში. ეს მუდმივი ვალდებულებები, მუდმივი ინვესტიციები უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ბლინკენმა.

ნატოს ერთიანობისა და მზაობის უდიდესი ილუსტრაციაა ის ურყევი მხარდაჭერა, რომელიც მოკავშირეებმა გამოუცხადეს უკრაინას, რუსეთის მათ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ალიანსის წევრებს შორის ტვირთის გაზიარების უდიდესი მაგალითია ის, რომ შეერთებული შტატები უკრაინას $102 მილიარდის დახმარებას უწევს, ხოლო მოკავშირეები და პარტნიორები - $158 მილიარდს.

„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულად მუშაობას, რათა უკრაინას ჰქონდეს ფინანსები, საბრძოლო მასალა და მობილიზებული ძალები, რათა იბრძოლოს საჭიროებისამებრ შემდეგი წლის განმავლობაში, ან ჰქონდეს მოლაპარაკების საშუალება, მაგრამ ძლიერი პოზიციიდან“, - თქვა მან.

„ჩვენ კრიტიკულ მომენტში ვიმყოფებით უკრაინისა და ტრანსატლანტიკური ღირებულებების დაცვის საქმეში, რასაც ეს ალიანსი ეფუძნება“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა:

„ნატო ორი მსოფლიო ომის შემდეგ იმ ინსტიტუციების ნაწილად გაერთიანდა, რომელთა აშენების მიზანი იყო - აღარასდროს გვქონოდა კიდევ ერთი გლობალური ხანძარი“.

ბლინკენის თქმით, „გაძლიერებული ნატო ნიშნავს აგრესიის შეკავების მეტ შესაძლებლობას, უფრო ეფექტიან მოკავშირეებს გაცილებით რთული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც ჩვენს ხალხს უფრო სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას აძლევს“.

პირველ დეკემბერს მსოფლიო შიდსის დღეს აღნიშნავს. ის 1988 წლიდან მოყოლებული აღინიშნება, შიდსის პანდემიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მის გამო დაღუპულთა გლოვის მიზნით.

წლევანდელი თემაა „დაადექი უფლებების გზას: ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება“. ეს არის შეხსენება იმისა, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს მათთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისებზე, მათ შორის - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის მომსახურებაზე, როცა და სადაც არ უნდა დასჭირდეს. ეს უფლება უნდა გავრცელდეს ყველაზე, მათი აივ-ის სტატუსის მიუხედავად, განურჩევლად წარმომავლობის, ეთნიკური კუთვნილების, სქესისა თუ საცხოვრებელი ადგილის.

შიდსის გამომწვევი ვირუსი მსხვერპლს იმუნური სისტემის დაზიანებით კლავს. 36 წლის წინ, როცა შიდსის მსოფლიო დღე პირველად აღინიშნა, აივ/შიდსის დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენს უდრიდა, პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი სულ ორი წელი იყო. ამის მიუხედავად, დღეს უკვე ახლოს ვართ ისეთ მომავალთან, რომელშიც შიდსისგან სრულიად თავისუფალი თაობა იქნება.

ამ ფონზე, პრევენციისა და მკურნალობის სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მარგინალიზებული მოსახლეობა კვლავ რჩება აივ-ინფექციის არაპროპორციული რისკის ქვეშ. მოსახლეობის ნაწილი ხშირად ხდება სტიგმის, დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი და შესაძლოა იძულებული გახდეს კანონიც დაარღვიოს. საუბარია ისეთ კანონებზე, რომლებიც გარკვეული მარგინალიზებული ჯგუფებისკენაა მიმართული, როგორიცაა სექსმუშაკები ან მამაკაცები, რომელთაც სექსი მამაკაცებთან აქვთ.

საქმე ისაა, რომ აივ/შიდსის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის ელიმინაცია მანამდე ვერ მოხდება, სანამ ამ და მოსახლეობის სხვა მნიშვნელოვანი ჯგუფების განსაკუთრებული საჭიროებები არ დაკმაყოფილდება.

ჩვენი მხრიდან, შეერთებული შტატები მიჰყვება “პრეზიდენტის საგანგებო გეგმას” (PEPFAR), რომელიც მიზნად შიდსისგან გათავისუფლებას ისახავს. 2003 წელს დაარსების დღიდან, პროგრამამ წარმატებით შეამცირა ვირუსის გადაცემა, გააფართოვა ტესტირება და ბოლო ორ ათწლეულში იხსნა 25 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე 50-მდე პარტნიორ ქვეყანაში. „PEPFAR ფოკუსირებულია ისეთი მომავლის შექმნაზე, სადაც შესაძლებელია ყველა აივ-ინფექციის პრევენცია, ყველა ადამიანს აქვს წვდომა მკურნალობაზე და ყველა თაობას შეუძლია იცხოვროს იმ სტიგმის გარეშე, რომელიც ძალიან ხშირად თან ახლავს შიდსს”, - თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ დღისადმი მიძღვნილ წერილობით განცხადებაში.

„ჩვენ წარმოუდგენლად ახლოს ვართ აივ-ინფექციის გადაცემის აღმოფხვრასთან. ჩვენ ხელთ გვაქვს მეცნიერება. ხელთ გვაქვს მკურნალობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთმანეთი გვყავს“, - თქვა მან.

პრეზიდენტმა ბაიდენმა დასასრულს აღნიშნა: „მოდით, პატივი მივაგოთ ყველა ოჯახს, რომელმაც დაკარგა საყვარელი ადამიანი ამ დაავადების გამო და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამჟამად ცხოვრობს აივ/შიდსით. მოვიგონოთ აქტივისტები, მეცნიერები, ექიმები და მომვლელები, რომლებიც არასდროს წყვეტდნენ აივ/შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. მოდით, ხელახლა გამოვუცხადოთ ერთგულება ამ ბრძოლის ერთად დასრულებას”.

Load more

XS
SM
MD
LG