Accessibility links

Breaking News

ბელარუსმა სასაზღვრო კრიზისის შექმნა უნდა შეწყვიტოს


პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი

ბელარუსის დიქტატორის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმი უკვე თვეებია, ევროპის კავშირის ქვეყნების საზღვრებთან, მიგრანტების უჩვეულო მოზღვავების ორკესტრირებას ეწევა. ბელარუსის საზღვარზე მყოფი ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია. მიგრანტების უმეტესი ნაწილი კი სირიიდან და ერაყიდან გამოქცეული მოქალაქეები არიან, რომელთაც დასავლეთ ევროპაში შეღწევის იმედი აქვთ.

„მიგრანტთა ჯგუფებს [ევროპის კავშირის] წევრი ქვეყნების საზღვრებამდე ბელარუსის უსაფრთხოების ძალების შეიარაღებული წარმომადგენლები აცილებენ, იმ მიზნით, რომ მათ საზღვრების არალეგალურად გადაკვეთა აიძულონ“ - აცხადებს ჯოზეფ ბორელი, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში. ბორელის თქმით, „ეს ბელარუსის რეჟიმის ცინიზმზე მიუთითებს, რომელიც ევროკავშირის საზღვრებზე კრიზისის მომწიფებით, ცდილობს საკუთარ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან ყურადღება გადაიტანოს, სადაც მკაცრი რეპრესიები და ადამიანის უფლებათა დარღვევები გრძელდება და უარესდება კიდეც“.

დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ ლუკაშენკომ ეს კრიზისი ხელოვნურად შექმნა, რათა შური ეძია ევროპის კავშირის მიერ რამდენიმე ხნით ადრე დაწესებულ სანქციებზე. თუკი რეჟიმი სანქციებისგან თავის დაღწევას ცდილობს, საჭირო ნაბიჯები აშკარაა: მიმდინარე დევნის დასრულება; პოლიტპატიმრების გათავისუფლება; მოძალადეთა პასუხისმგებლობის დაყენება და ბელარუსის ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გულწრფელი, ინკლუზიური დიალოგის გამართვა, რომელიც შედეგად მოიტანს საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებულ, თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს.

ახლახან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან გამართულ სატელეფონო საუბარში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა „ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მოწყვლად მიგრანტთა ცინიკური ექსპლუატაციის პირისპირ“.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, „ლუკაშენკოს ქმედებები საშიშროებას უქმნის უსაფრთხოებას, ხელს უწყობს პოლარიზაციას და მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას უკრაინის საზღვართან მიმდინარე რუსეთის ქმედებებისგან“. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ „მკაცრად გმობენ დაუცველი მიგრანტების ინსტრუმენტად გამოყენებას და მოუწოდებენ ლუკაშენკოს, მიხედოს დასავლეთის სანქციების გამომწვევ მთავარ მიზეზებს: ბელარუსი ხალხისთვის ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების უგულვებელყოფას“.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ღრმა პატივისცემა გამოხატა პოლონეთის მიმართ, რომელიც უკრაინის სუვერენტიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ხაზგასმით უჭერს. შეერთებული შტატები, პოლონეთი და სხვა მოკავშირეები თუ პარტნიორები, ერთიანნი არიან იმ საკითხში, რომ მოსკოვს საკმაოდ ძვირი უნდა დაუჯდეს სამხედრო აგრესია და მავნებლური ქმედება რეგიონში.

XS
SM
MD
LG