Accessibility links

Breaking News

ლუკაშენკოს რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება


"რაინეარის" თვითმფრინავი, რომელშიც ბელარუსი ოპოზიციონერი რამან პრატასევიჩი იჯდა.
"რაინეარის" თვითმფრინავი, რომელშიც ბელარუსი ოპოზიციონერი რამან პრატასევიჩი იჯდა.

ეს იყო აღმაშფოთებელი ფაქტი, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელარუსში ჩაიდინა: 23 მაისს კომერციულ თვითმფრინავს, რომელიც ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიფრინავდა, კურსის შეცვლა აიძულეს. ამ ქმედების აშკარა მიზანი იყო ბორტზე მყოფი ბელარუსი ჟურნალისტის რამან პრატასევიჩის და სტუდენტის სოფია საპეგას დაკავება და დაპატიმრება.

პასუხად, შეერთებულმა შტატებმა, ევროპის კავშირთან, კანადასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით, ზომები მიიღო ათეულობით ბელარუსი ინდივიდის და იურიდიული პირის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებამ ლუკაშენკოს რეჟიმს გარკვევით დაანახა, რომ ეს იყო პასუხი ბელარუსი ხალხის მიმდინარე რეპრესიებზეც. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 21 ივნისს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქმედება არის პასუხი „ბელარუსში გაგრძელებულ რეპრესიებზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიულ პროცესებზე და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე მიტანილი იერიშების ჩათვლით“.

სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში, ბელარუსში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ ვითარებაზე ამბობს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ ძალადობის მძიმე ფორმებს და სხვა სახის რეპრესიებს მიმართავს. მათ შორის სახელდება ლუკაშენკოს უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი უკანონო ან სადავო მკვლელობები; წამება და სასტიკი ძალადობა პენიტენციალურ დაწესებულებებში; სერიოზული შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების, პრესის და ინტერნეტის; მოქალაქეებისთვის მთავრობის შეცვლის უნარის ჩამორთმევა მშვიდობიანი გზით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საშუალებით; ასევე - კორუფციის სერიოზული შემთხვევები.

21 ივნისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო ზომები, რათა 46 ბელარუს ოფიციალურ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესდეს. მათ მთავრობაში წამყვანი პოზიციები უკავიათ, დაწყებული პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, სამხედრო უწყების და იუსტიციის სამმართველოს ჩათვლით.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დამატებით 16 ინდივიდს და 5 იურიდიულ პირს დაუწესა. „ამ ადამიანებმა თავიანთი ქმედებით ზიანი მიაყენეს ბელარუს ხალხს. 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, დემონსტრანტების, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპოზიციის სასტიკი დევნით, ან სხვა გზით, ისინი ეხმარებოდნენ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეპრესიულ პოლიტიკას ბელარუსში და მის ფარგლებს გარეთ“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა კი თქვა: „ჩვენ გავაგრძელებთ ლუკაშენკოს რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, ვიდრე რეპრესიები არ შეწყდება... ჩვენ მოვითხოვთ, რომ დასრულდეს დევნა; დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი; გაიმართოს გულწრფელი დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, როგორც ამას ეუთოს ექსპერტთა მისიის ანგარიში ითხოვს; და ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვით. ჩვენ ბელარუსი ხალხის გვერდში ვდგავართ დემოკრატიული, აყვავებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე და მხარს ვუჭერთ რეჟიმისადმი მათ მოწოდებას, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს“.

XS
SM
MD
LG