Accessibility links

Breaking News

ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი და ლუჰანსკი უკრაინაა


ლინდა თომას-გრინფილდი მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. ნიუ-იორკი, აშშ. 12 ოქტომბერი, 2022 წ.
ლინდა თომას-გრინფილდი მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. ნიუ-იორკი, აშშ. 12 ოქტომბერი, 2022 წ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 30 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, უკრაინის 4 რეგიონის ანექსია სცადა. ესენია: დონეცკი, ლუჰანსკი, ხერსონი და ზაპორიჟია. არცერთი მათგანი რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ არ იმყოფებოდა. პუტინის განცხადება სწრაფად მოჰყვა თან ნაჩქარევად დადგმულ, გაუმჭვირვალე და ყალბ „რეფერენდუმებს“, რომელთა საშუალებითაც კრემლს სურდა ეჩვენებინა, თითქოს ამ ადგილებში მცხოვრები უკრაინელები, რუსეთის ანექსიის მცდელობას ემხრობოდნენ.

„2014 წლიდან მოყოლებული [პუტინის მიერ უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მცდელობის გამოცხადებიდან], რუსეთი ცდის მსოფლიოს სიმტკიცეს, იმას, თუ რამდენად დაიცავს ის საერთაშორისო კანონმდებლობის ძირეულ პრინციპებს“ - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. ის სიტყვით გამოვიდა ოქტომბრის შუა რიცხვებში გამართულ, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას მიეძღვნა.

„სხვა რით შეიძლება აიხსნას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, მშვიდობის და უსაფრთხოების ფასეულობათა აღმაშფოთებელი უგულვებელყოფა? სხვა რით შეიძლება აიხსნას საშინელი იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე და საჯარო ინფრასტრუქტურაზე, რაც ამ კვირაში ვიხილეთ? სხვა რით შეიძლება აიხსნას პუტინის იარაღის ჟღარუნი და მისი შენიღბული მუქარა ბირთვული ძალების ჩართვის თაობაზე? ეს არის მუქარა ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ. ეს არის მუქარა ყველა ჩვენგანის მიმართ“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ლინდა თომას-გრინფილდის მიმართვა წინ უძღოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სპეციალური რეზოლუციის მიღებას, რომელიც სახელმწიფოებს მოუწოდებდა, არ ეღიარებინათ რუსეთის მიერ უკრაინის ამ 4 რეგიონის ანექსიის მცდელობა. გაეროში ამერიკის ელჩის თქმით, რუსეთის ქმედებებს თანამედროვე სამყაროში ადგილი არ აქვს.

„სწორედ ამიტომაც, ეს რეზოლუცია გახლავთ მშვიდობის და დეესკალაციისკენ მოწოდება. თუმცა, ის ასევე გარკვევით ამბობს, რომ ჩვენ უნდა უარვყოთ რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობა, უნდა უარვყოთ ტერიტორიული ხელშეუხებლობის, ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობის და უსაფრთხოების ეს საჯარო შეურაცხყოფა“ - აღნიშნა მან.

რეზოლუციას ხმა მისცა გაეროს 143-მა წევრმა სახელმწიფომ. მას არ მიემხრო 5 ქვეყანა, 35-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

შეერთებული შტატების ელჩის თქმით, მიღებული „რეზოლუცია განუზომელი მნიშვნელობის გზავნილია“ არამარტო მოსკოვისთვის, არამედ - ყველა სხვისთვისაც.

„არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ერი ხარ თუ მცირე ზომის, მდიდარი თუ ღარიბი, ძველი თუ ახალი. თუკი გაეროს წევრი სახელმწიფო ხარ, ქვეყნის საზღვრები შენ გეკუთვნის და საერთაშორისო კანონმდებლობით არის დაცული. ეს ეხება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერ სახელმწიფოს. მათ ძალის გამოყენებით ვერავინ შეცვლის“ - აცხადებს ლინდა თომას-გრინფილდი.

მისი თქმით, გაეროში გამართულ „კენჭისყრას პრაქტიკული შედეგი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თვალში, საზღვრები იგივე რჩება“.

დასასრულს, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს: „ხერსონი უკრაინაა. ზაპორიჟია უკრაინაა. დონეცკი უკრაინაა. ლუჰანსკი უკრაინაა. და უკრაინა უკრაინაა“!

XS
SM
MD
LG