ცოტა ხნის წინ, ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეისწავლა რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის ბრალდებები.
“უკრაინაში რუსეთის ძალებმა მრავალი საშინელი დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა ბავშვების მოწყვეტა ოჯახებისგან ყველაზე საშინელი და არაადეკვატური ქმედებაა”,- თქვა აშშ-ის ელჩმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში მაიკლ კარპენტერმა.
"ცხადია, რომ არცერთმა მთავრობამ ბავშვების წინააღმდეგ დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს და მითუმეტეს მიუღებელია, როცა ეს ქმედება მიზნად ისახავს სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსიის მიზნით, ამ ბავშვების ეროვნული იდენტობის განადგურებას”.
რუსეთის მხრიდან უკრაინის მოსახლეობის იძულებით გადაყვანის მცდელობა გაცილებით ფართო მასშტაბისაა. 2022 წლის თებერვალში დაწყებულ სრულმასშტაბიან ანექსიამდე, 2014 წლიდან რუსეთმა ყირიმიდან 1 000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანა" - განმარტავს აშშ-ის ელჩი.
კარპენტერის თქმით, “ანგარიშის მონაცემებით, ეს ბავშვები ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში წაიყვანეს. 2023 წლის 23 აპრილის მოცემულობით, უკრაინიდან ათასობით ბავშვის გაყვანის შემდეგ, მხოლოდ 361 ბავშვი დაბრუნდა უკრაინაში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ათასობით ოჯახი კვლავ შუაზეა გახლეჩილი და ათასობით ბავშვი ტრავმირებულია".
ელჩმა კარპენტერმა აღნიშნა, რომ ამ ბავშვებს სხვადასხვა მეთოდებით აშორებენ ოჯახებს და მეურვეებს:
"ერთ-ერთი მეთოდია, როცა რუსეთის მთავრობა მათ ძალით აშორებს მშობლებს ე. წ. ფილტრაციის პროცესის დროს. როცა მშობლებს აკავებენ და ფილტრაციის ბანაკებში აგზავნიან, ბავშვები კი ამ დროს ხშირად დაკავების სხვა ცენტრებში გადაჰყავთ. კიდევ ერთი მეთოდი, როცა უხეშად თუ ვიტყვით, რუსეთის მთავრობა უკრაინელ ბავშვებს იპარავს, არის როცა ბავშვებს სრული დაფინანსებით ბანაკებში უშვებენ ყირიმში, ბელარუსსა ან რუსეთში".
ბავშვებისთვის, რომლებსაც აშვილებენ, ეს პროცესი ხშირად მოიცავს სახელის და დაბადების თარიღის შეცვლას, რაც შემდეგ მათი ვინაობის “დადგენას შეუძლებელს ხდის” რუსეთში გაუჩინარებისას.
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ეხმარება დეპორტირებული ბავშვების სახლში დაბრუნებაში და ერთგული რჩება იმ გადაწყვეტილების, რომ რუსეთის მთავრობას აზღვევინოს ადამიანის უფლებების ამგვარი ხელყოფა.