გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ვრცელდება ცნობები 11 000 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, რომელთა უმეტესობა ბავშვები და ქალები არიან. თუმცა, გაეროს ინფორმაციით, მათი რეალური რაოდენობა დანამდვილებით, გაცილებით მეტი იქნება. 2.2-მილიონიანი მოსახლიდან 1.6 მილიონი იძულებით გადაადგილებულია. მთელი უბნები მიწასთანაა გასწორებული. საკვები და წყალი ცოტაა, არ არის თავშესაფრები საბრძოლო ოპერაციებისგან თავის დასაცავად.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ქმედება იყო ბარბაროსული ტერორისტული აქტი და მან საფუძველი ჩაუყარა იმას, რისი მოწმენიც დღეს ვართ“, - განაცხადა შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაეროში - ლინდა თომას-გრინფილდმა. მისი თქმით, სწორედ "ჰამასია“ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მან ყოველ მხარეს „ამდენი უაზრო ტანჯვა გამოიწვია“.
„ეს მომენტი ყველას მოგვიწოდებს, თანაგრძნობით მივუდგეთ ისრაელელებისა და პალესტინელების მდგომარეობას. მათ ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი და სამყაროს მათი თვალით შევხედოთ“, - აცხადებს გრინფილდი.
ნოემბრის შუა რიცხვებში, გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია-2712, რომელიც მოუწოდებს მთელი რიგი ზომების მიღებისკენ, რაც ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შემსუბუქებისკენ არის მიმართული. „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბევრ კრიტიკულ დებულებას, რომელიც საბჭომ მიიღო, მათ შორის - „ჰამასისა“ და სხვა ჯგუფების მიერ მძევლების დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებას, თუ ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა შესაძლებელი გახდეს მშვიდობიანი მოსახლეობასთან სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა“, - განაცხადა ელჩმა.
ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, ”ჩვენ სასწრაფოდ უნდა უზრუნველვყოთ საკვების, წყლისა და მედიკამენტების ნაკადის გაფართოება”. ხაზს უსვამს რა ამერიკის მხარდაჭერას, ის ასევე საუბრობს გადაუდებელ საჭიროებაზე: „შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული რეისებიდან, ხუთ ჩარტერულ თვითმფრინავს შორის, პირველი უკვე დაეშვა ელ-არიშში და ჩაიტანა 49 ტონა მზა საკვების მარაგი. მაგრამ, ახლა საწვავია კრიტიკულად საჭირო იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ის სჭირდება. არაფერი შეგეშალოთ, ეს უკიდურესად გადაუდებელი საკითხია. ჩვენი მხრივ, შეერთებული შტატები იმუშავებს გაეროსთან, ისრაელთან, სხვა დონორებთან, რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ჰუმანიტარულ მუშაკებს საშუალება მიეცეთ, შეასრულონ ის საქმე, რაც ასე კატასტროფულადაა საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად“.
დაჯგუფება „ჰამასმა“ მოახერხა ის, რომ ის „მშვიდობიან მოსახლეობში ღრმადაა დაქსაქსული, მათ შორის - საავადმყოფოებში. ეს არის შემზარავი სისასტიკე. მაგრამ, „ჰამასის“ ქმედებები არ ამცირებს ისრაელის პასუხისმგებლობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიმართულებით“, - თქვა ამერიკის ელჩმა.
ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, „თითოეული სამოქალაქო პირის სიკვდილი ტრაგედიაა. ყოველი მათგანის… მოდით, ყველამ ვაღიაროთ ადამიანობა როგორც ისრაელელთა, ისე - პალესტინელთა შორის. და მოდით ყველამ ვიმუშაოთ ისეთი მომავლის ასაშენებლად, რომელშიც მათ შეეძლებათ ერთმანეთის გვერდიგვერდ, საკუთარ სახელმწიფოებში, მშვიდობით, თავისუფლებით და უსაფრთხოებით ცხოვრება”.