Accessibility links

Breaking News

ავღანეთისთვის სახიფათო მომენტი


ავღანელი ქალები მიწისძვრის შემდეგ შინ წყალს ეზიდებიან
ავღანელი ქალები მიწისძვრის შემდეგ შინ წყალს ეზიდებიან

ამერიკის შეერთებული შტატები, ავღანეთის დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლს უღრმეს თანაგრძნობას უცხადებს.

წინასწარი ცნობები მიანიშნებს, რომ 23 ივნისს, პაქთიკის და ხოსტის პროვინციებში, სულ მცირე 1 000 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში თქვა: „ავღანელმა ხალხმა უჩვეულო გასაჭირი გადაიტანა და ეს ბუნებრივი კატასტროფა თან დაერთო უკვე არსებულ შემზარავ ჰუმანიტარულ ვითარებას. აშშ-ის ჰუმანიტარული პარტნიორები ამაზე უკვე რეაგირებენ. მათ შორის, დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, [ისინი] სამედიცინო ჯგუფებს აგზავნიან და ჩვენ სხვა საპასუხო ვარიანტებზე ვმუშაობთ.“ 28 ივნისს, ამერიკამ გამოაცხადა თითქმის 55 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსების თაობაზე, რათა დაკმაყოფილდეს მიწისძვრის შემდგომი მწვავე ჰუმანიტარული საჭიროება და მთელ ავღანეთში კიდევ უფრო ფართო ჰუმანიტარული საჭიროებაც.

უკანასკნელი მიწისძვრა ავღანელი ხალხის ტანჯვის ერთადერთი მიზეზი არ არის. ავღანეთის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლოდროინდელ ბრიფინგზე, ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა აღნიშნა, რომ გასულ აგვისტოში, ავღანეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლანდშაფტზე მომხდარმა დრამატულმა ძვრებმა, შედეგად ადამიანების ულმობელი ტანჯვა მოიტანა. ახლა ავღანეთში 25 მილიონი ადამიანი სიღატაკეში ცხოვრობს - ორჯერ მეტი 2011 წელთან შედარებით. ამასთან ერთად, თალიბანის მიერ ქაბულის აღების შემდეგ, ადამიანის უფლებების მდგომარეობა დამანგრეველი სისწრაფით გაუარესდა.

ბრიფინგზე, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ტრინა საჰამ არსებულ ვითარებას უწოდა „ავღანეთისთვის სახიფათო მომენტი... მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის სივრცე იკვეცება, იმავდროულად კი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი საფრთხეები იზრდება“, თქვა მან. „და უბრალო ადამიანებმა მთელ მსოფლიოში დაგმეს თალიბანის მიერ გამოცემული დეკრეტები, რომლებიც ქალებს და გოგონებს ღირსებას ართმევს“, მათ შორის, 6 კლასის ზემოთ განათლების მიღებაზე წვდომის აკრძალვა და ჩაცმულობის და მგზავრობის დრაკონული წესების შემოღება სახელდება.

შეერთებული შტატები ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე მსხვილი დონორია და გასული აგვისტოს შემდეგ, თავისი ჰუმანიტარული პარტნიორების მეშვეობით, 775 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო. მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა საჰამ, საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებს მათი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა. მან განაცხადა: „შეერთებული შტატები ავღანელი ხალხის დახმარებისადმი მუდამ ერთგული დარჩება“.

XS
SM
MD
LG