Accessibility links

Breaking News

ომის დასრულება ავღანეთში


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

20 წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში თავისი სამხედრო მისია - ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი - დაასრულა.

ამერიკელი დიპლომატები, სამხედროები და დაზვერვის პროფესიონალები საკუთარ სიცოცხლეს რისკავდნენ, რათა ამერიკის მოქალაქეები, რისკის ქვეშ მყოფი ავღანელები, რომლებიც გვეხმარებოდნენ, სხვა მოწყვლადი ავღანელები, მათ შორის ქალები, ბავშვები და უმცირესობათა ჯგუფების წევრები, ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეები, თუ სხვები თვითმფრინავებში მოეთავსებინათ და ქვეყნიდან გაეყვანათ.

ერისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა: “120 ათასზე მეტი ადამიანის უსაფრთხო [ზონაში] ევაკუაციით, ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო გადაყვანა დავასრულეთ”.

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ჩატარებული ოპერაცია ავღანეთიდან 5 500-ზე მეტი ამერიკელის გაყვანით დასრულდა. თუმცა, სავარაუდოდ 100-დან 200-მდე ამერიკელი ავღანეთში რჩება.

“დარჩენილი ამერიკელებისთვის”, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა, “საბოლოო ვადა არ არსებობს”.

“მათი გამოყვანის ვალდებულებას ვიტოვებთ, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი უძღვება უწყვეტ დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა ნებისმიერი ამერიკელის, ავღანელი პარტნიორის, ან უცხოეთის მოქალაქის უსაფრთხო გამოყვანა უზრუნველყოს, თუ მათ ავღანეთის დატოვება სურთ... ამაში შევა ავღანეთში მიმდინარე ძალისხმევა, რომ აეროპორტი და ამასთან ერთად სახმელეთო მარშრუტები კვლავ გაიხსნას, რაც წასვლის მსურველების უწყვეტად გამგზავრების და ავღანეთის ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას შექმნის”.

ტრაგედიაა, რომ მისიის დროს, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო-ხორასტანის“ ტერორისტებმა 13 ამერიკელი სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი მოკლეს.

მათთვის, ვისაც ამერიკელებისთვის ზიანის მიყენება სურს, პრეზიდენტ ბაიდენს გაფრთხილება აქვს:

“შეერთებული შტატები არასდროს დამშვიდდება. ჩვენ არ დავივიწყებთ. არ დავივიწყებთ. დედამიწის დასალიერამდე მოგყვებით და უკიდურესი საფასურის გადახდა მოგიწევთ.”

შეერთებული შტატების დაცვა პრეზიდენტის ფუნდამენტური მოვალეობაა, არა მხოლოდ 2001 წლის საფრთხეებისგან, არამედ 2021 წლის და ხვალინდელი საფრთხეებისგანაც, განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა:

“ჩვენ გავაგრძელებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ავღანეთში და სხვა ქვეყნებში. ამის გასაკეთებლად სახმელეთო ომში ბრძოლა უბრალოდ არ გვჭირდება. გვაქვს ე. წ. ჰორიზონტის მიღმა საშუალებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი სამხედროების ადგილზე ყოფნის გარეშე, ან საჭიროების შემთხვევაში, მათი ძალიან მცირე რიცხვით, შეგვიძლია ტერორისტებს და სამიზნეებს დავარტყათ”.

“20-წლიანი ომის, ბრძოლის, ტკივილის და თავგანწირვის დამთავრებასთან ერთად, დროა მომავალს შევხედოთ და არა წარსულს - მომავალს, რომელიც უფრო უსაფრთხოა, მომავალს, რომელიც უფრო საიმედოა, მომავალს, რომელიც პატივს მიაგებს მათ, ვინ იმსახურა და ვინც გასცა ის, რასაც პრეზიდენტი ლინკოლნი “თავდადების ბოლო სრულ საზომს” უწოდებდა.

XS
SM
MD
LG