შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი თანამასპინძლები იყვნენ მინისტერიალზე, რომელიც ავღანეთის საკითხებს ეძღვნებოდა და რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო მდივანმა ყურადღება სამ მიმართულებაზე გაამახვილა, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე პოზიციების თანხვედრა და ურთიერთთანამშრომლობა.
პირველი: თალიბანს უნდა მოეთხოვოს შეასრულოს დანაპირები და მისცეს საშუალება უცხოეთის მოქალაქეებს, ვიზის მფლობელებს და ავღანელებს, სურვილის შემთხვევაში ქვეყნის გარეთ იმოგზაურონ. ენტონი ბლინკენმა კომენტარი გააკეთა თალიბანის კონტრარგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზის მქონე ავღანელების ქვეყნიდან გასვლა ავღანეთიდან ე.წ. ინტელექტის გადინებას გამოიწვევს. „საუკეთესო გზა ხალხის ავღანეთში დარჩენის, მათთვის ქვეყნის დატოვების უფლების მიცემაა, ისევე როგორც მათი სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ავღანელთა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად.
მეორე: სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თალიბანს უნდა დააკისროს კიდევ ერთი დანაპირების შესრულების პასუხისმგებლობაც. ტერორისტულ დაჯგუფებებს არ უნდა მიეცეთ ავღანეთის გამოყენების საშუალება საკუთარი ოპერაციების ბაზად, რათა მათ ნებისმიერ სხვა ქვეყანას საფრთხე შეუქმნან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ თალიბანს ვერ დავეყრდნობით, რომ ისინი ამ დაპირებებთან დაკავშირებულ მოლოდინს უპასუხებენ“ - თქვა ბლინკენმა. „ჩვენ ყველა სიფხიზლეს ვინარჩუნებთ და საფრთხეებს თვალყურს ვადევნებთ, განსაკუთრებით - გარეშე შეთქმულებების დაგეგმვის ხელახალ მცდელობებთან მიმართებაში, და მათზე სწრაფად და ოპერატიულად ვრეაგირებთ. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით თქვა, შეერთებული შტატები რეგიონში შეინარჩუნებს მტკიცე კონტრტერორიზმის შესაძლებლობებს, რათა ნებისმიერი საფრთხე გაანეიტრალოს და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში, ამ შესაძლებლობების გამოყენებისგან თავს არ შევიკავებთ“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
მესამე: ბლინკენმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ერთგულების აუცილებლობას, ავღანელი ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის საქმეში. ჰუმანიტარული დახმარება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შეერთებული შტატების და გაეროს მიერ ტერორისტებზე დაწესებულ სანქციებთან.
„სამივე მთავარი მიზნის შესრულება თალიბანთან ჩართულობას მოითხოვს. მაგრამ, კრიტიკული განსხვავებაა იმ ჩართულობას შორის, რომელიც მთელი ამ საევაკუაციო პროცესის განმავლობაში ჩვენ გვქონდა და რომელსაც ახლაც ვაგრძელებთ... და თალიბანთან ისეთივე ურთიერთობის დამყარებას შორის, როგორიც სახელმწიფოთა უმეტესობასთან გვაქვს“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ლეგიტიმაციის მოპოვებას, რომელსაც თალიბანი კვლავ ითხოვს, დასჭირდება გარკვეული დროის მანძილზე მდგრადი ერთგულება საერთაშორისო საზოგადოების მთავარი მოლოდინის დაკმაყოფილების მიმართ. ეს მოიცავს ბოლო 20 წლის მანძილზე ბრძოლით მოპოვებული მიღწევების პატივისცემას, რომელთა მეშვეობითაც გაფართოვდა ქალების, ბავშვების, ჟურნალისტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, ლგბტქი+ საზოგადოების წევრების და უმცირესობათა ჯგუფების უფლებები.
„ჩვენი საერთო ინტერესების დასაწინაურებლად“, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, „ჩვენი ჩართულობა თალიბანთან უნდა იყოს თანმიმდევრული, ფხიზელი, წინდახედული და კიდევ ერთხელ - რამდენადაც შესაძლებელია, თანმხვედრი“.