შეერთებული შტატები გმობს ბელარუსის ოპოზიციის წევრების - მარია კალესნიკავას და მაქსიმ ზნაკისთვის - გამოტანილ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს და მათ დაპატიმრებას. კალესნიკავას, რომელიც შეერთებული შტატების 2021 წლის მამაც ქალთა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, 11 წელი მიუსაჯეს. ამის მიზეზია ის, რომ კალესნიკავა უშიშრად უჭერდა მხარს კანდიდატებს, ვინც ალექსადრე ლუკაშენკოსთვის, რომელიც 26 წელია ქვეყნის ლიდერია, გამოწვევას წარმოადგენდა. ბატონ ზნაკს კი, რომელიც პოლიტიკური კამპანიის პროცესში მშვიდობიანად მონაწილეობდა, 10 წელი მიესაჯა. ორივე თითქმის წელიწადია წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.
„სამწუხაროდ, ეს პატიმრობა ბელარუსი ხალხისთვის კიდევ ერთი დასტურია რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული უგულვებელყოფის“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, „ქალბატონი კალესნიკავა და ბატონი ზნაკი იმსახურებდნენ მათ წინააღმდეგ წაყენებული ყალბი ბრალდებების გამჭვირვალე სასამართლო დამტკიცების პროცესს, რაც მათ არ მიუღიათ“.
Ბელარუსმა, როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) წევრმა ვალდებულება აიღო პატივი სცეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლებას, ასევე - გამოხატვის თავისუფლებას, თუ მშვიდობიანი თავშეყრის უფლებას. ისევე როგორც ბელარუსის ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, ქალბატონ კალესნიკავას და ბატონ ზნაკს გააჩნიათ კანონით, ბელარუსის კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებით მინიჭებული, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო პროცესის უფლება.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის მისწრაფებას, ჰქონდეთ დემოკრატიული, წარმატებული მომავლის მქონე, თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. 9 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება. ის ლუკაშენკოს რეჟიმს დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე იერიშისთვის, საერთაშორისო რეპრესიებისთვის და კორუფციისთვის პასუხს აგებინებს.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მინსკს, „დაასრულოს რეპრესიების კამპანია ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ ადამიანის უფლებებს იყენებენ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, და სასწრაფოდ და უპირობოდ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის - ქალბატონი კალესნიკავა და ბატონი ზნაკი“. დადგა დრო, ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა დაიწყონ გულწრფელი დიალოგი დემოკრატიულ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, რომელშიც საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან ჩართულნი.