Accessibility links

Breaking News

მშვიდობიანი გადაწყვეტილების პოვნა მთიან ყარაბაღში


სომეხი დევნილები მანქანებით მთიან ყარაბაღს ტოვებენ. 25 სექტემბერი, 2023 წ.
სომეხი დევნილები მანქანებით მთიან ყარაბაღს ტოვებენ. 25 სექტემბერი, 2023 წ.

სექტემბერში აზერბაიჯანმა წამოიწყო სამხედრო შეტევა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონზე, რამაც აიძულა დაახლოებით 100 000 ეთნიკური სომეხი, რომლებიც რეგიონის უმრავლესობას წარმოადგენდენ, ჩაგვრის შიშით და ჰუმანიტარული პირობების სწრაფად გაუარესების გამო, მასობრივად გაქცეულიყვნენ სომხეთში. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, მაგრამ იქ მყოფი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა დიდი ხანია ცდილობს ბაქოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ანკლავზე გამარჯვება გამოაცხადა. იმავდროულად, ის რეგიონში მცხოვრებ სომხებს მათი უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიებს დაპირდა.

კონგრესში გამართულ ბოლო მოსმენაზე, ჯეიმს ობრაიენმა - სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, გამოთქვა შეშფოთება მთიანი ყარაბაღიდან სომხების გაძევების გამო.

„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სრული წვდომა ტერიტორიაზე, საკუთრებაზე, კულტურის დაცვაზე და ხალხმა მიიღოს ადექვატური ინფორმაცია, რათა მათ შეეძლოთ რეალური არჩევანის გაკეთება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით და იცოდნენ, რომ მათ აქვთ რეალური შესაძლებლობა დაბრუნდნენ და იცხოვრონ მთიან ყარაბაღში, თუკი ამ გზას აირჩევენ“ - განაცხადა კონგრესში ობრაიენმა.

შეერთებულმა შტატებმა 26 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სომხეთს 11.5 მილიონი დოლარით დაეხმარება.

უფრო მეტიც, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, შეერთებული შტატები ეხმარება სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში:

„ჩვენ აქტიურად ჩართულები ვართ. ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ გაიმართა 13 მაღალი დონის ვიზიტი დედაქალაქ ბაქოში თუ ერევანში, გაიმართა შეხვედრები მხარეებს შორის. ასევე ძალზე ჩართულები ვართ საქმის დაწინაურების მიზნით, ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არაფერი იქნება ძველებურად აზერბაიჯანთან 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, სანამ არ დავინახავთ პროგრესს სამშვიდობო გზაზე“.

ობრაიენმა გამოთქვა ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო შეთანხმებით კონფლიქტის ყველა მხარე მოგებული დარჩება:

„ცენტრალური აზიის ქვეყნები ეძებენ ახალ მარშრუტებს თავიანთი საქონლის ბაზარზე გასატანად. ეს მარშრუტები შეიძლება აზერბაიჯანის გავლით საქართველოზე გადიოდეს, ან სომხეთის გავლით - თურქეთში. ჩვენ ვთქვით, რომ ძალის გამოყენება არ არის მისაღები. სომხეთის ჩართულობითა და თანხმობით აშენებული სატრანზიტო დერეფანი შეიძლება იყოს უზარმაზარი სიკეთე რეგიონის ქვეყნებისთვის და გლობალური ბაზრებისთვის, რომლებიც მიიღებენ წვდომას ამ საქონელზე“.

შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები მომავალი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მათი ორი ქვეყნის და უფრო ფართოდ, რეგიონის საკეთილდღეოდ.

XS
SM
MD
LG