შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლახან გამოსცა რიგით 23-ე ანგარიში რწმენის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობაზე. მსგავსი ანგარიშები ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას ყველას რწმენის თუ აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის და დაწინაურების საქმეში, განმარტავს დანიელ ნადელი. ის დეპარტამენტის რწმენის თავისუფლების საერთაშორისო განყოფილებაში მაღალ თანამდებობას იკავებს.
ნადელის თქმით, ეს „მორალური ვალდებულებაც“ კი არის.
„ჩვენ, როგორც ერი, უზომოდ ვსარგებლობთ იმ უფლებებით, რომელთაც კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს და ბუნებრივია, რომ გვინდა ეს მდიდარი გამოცდილება სხვებსაც გავუზიაროთ“, აღნიშნავს ის.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანის თქმით, მათ აღმოაჩინეს, რომ მაგალითად, რელიგიური გამოსვლების ლიმიტირება და მითუმეტეს კრიმინალიზება არ წაახალისებს ტოლერანტულობას და რელიგიურ ჰარმონიას:
„მართალია, ღვთისმგმობ კანონმდებლობას განსაკუთრებული ზიანი მოაქვს, მაგრამ ჩვენ ასევე გვაშფოთებს კანონები, რომელთა მიზანია დაარეგულიროს ადამიანის შესაძლებლობა, ატაროს ან არა რელიგიური ტანისამოსი, ან სიმბოლოები; ან კიდევ ის კანონები, რომლებიც სარწმუნოების შეცვლას, ან მშობლის მიერ შვილისთვის რელიგიური განათლების მიცემის შესაძლებლობას ზღუდავს“ - აღნიშნავს დანიელ ნადელი.
მისი განმარტებით, მთავრობის მხრიდან რელიგიური ცხოვრების გადაჭარბებული რეგულირება, მოქალაქეებს საკუთარ მთავრობას აშორებს და ზრდის ძალადობის ალბათობას.
„ბევრი ქვეყნის ოფიციალური პირები აგრძელებენ კანონმდებლობის გზით, რელიგიური გამოხატულების ლიმიტირებას, ან ზღუდავენ რელიგიური მასალების გავრცელებას. მოწმე ვართ მთავრობების მხრიდან ინტერნეტის საშუალებით მსგავსი ტაქტიკის მზარდი გამოყენების, სადაც ოფიციალური პირები მჭიდროდ მეთვალყურეობენ და მძიმე ცენზურის ქვეშ ატარებენ რელიგიურ გამოსვლებს ონლაინ სივრცეში, აკავებენ ან ძალადობენ მათზე, ვინც რწმენის ან აღმსარებლობის თაობაზე ინტერნეტში მსჯელობენ“ - ამბობს ნადალი.
მისი თქმით, მსოფლიო ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს ძალადობის პირველ ნიშნებს და ფრთხილად იყოს, რომ მსოფლიოში ისევ არ მოხდეს მასობრივი დანაშაულებანი. „მოკლე ხანში, სულ რამდენიმე წლის მანძილზე, ვიხილეთ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილი გენოციდი იეზიდების, ქრისტიანების და სხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ ერაყში და სირიაში. მასობრივი საშინელებები, მათ შორის როჰინგების ეთნიკური წმენდა განახორციელეს ბირმელმა სამხედროებმა“. და ჩინეთში კი მთავრობა „კაცობრიობის წინაშე დანაშაულს და გენოციდს“ მიმართავს „მუსლიმი უიღურების და სინძიანგის სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების“ წინააღმდეგ.
„შეერთებული შტატები მზად არის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, როგორც დადებითი, ისე სადამსჯელო, რათა დაწინაურდეს [რელიგიის თავისუფლება]“ - აცხადებს ნადელი. „იმ მრავალი ადამიანისთვისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის დედამიწის გარშემო, რომელთა ამბებით სავსეა ეს ანგარიში, დღეს ჩვენი გამოკვეთილი გზავნილია: ჩვენ გხედავთ თქვენ, ჩვენ გვესმის თქვენი, და ჩვენ არ გავჩერდებით ვიდრე თქვენ თავისუფლები არ იქნებით, რომ საკუთარი ცხოვრება ღირსებით და მშვიდობით გაატაროთ“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.