ბრიუსელში ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა სომეხი ხალხის დემოკრატიული, აყვავებული მომავლისა და სამხრეთ კავკასიის უფრო ინტეგრირებული და უფრო მშვიდობიანი რეგიონისადმი“.
„ჩვენ ვიზიარებთ სომეხი ხალხის სამომავლო ხედვას. გვსურს, რომ სომხეთმა დაიკავოს თავისი ადგილი მშვიდობიან სამეზობლოში, როგორც ძლიერმა, დამოუკიდებელმა ერმა, რომელიც ასევე მჭიდრო კავშირშია რეგიონთან და მსოფლიოსთან. შეერთებული შტატების და ევროკავშირის, ორივეს სურვილია, ამ ძალისხმევაში სომხეთის პარტნიორები იყვნენ”, - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, “იგეგმება 65 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გაწევა ჩვენი FY23 საბიუჯეტო სახსრებიდან. ეს ორი წლის წინანდელთან შედარებით, 50 პროცენტზე მეტი მოცულობის თანხაა. მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიული და ეკონომიკური მდგრადობის მიმართ, ინვესტიციებით სასურსათო უსაფრთხოების, ციფრული ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის დივერსიფიკაციის, სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციისა და სხვა პრიორიტეტების მიმართულებითთ, რომლებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განსაზღვრა.
შეერთებული შტატები ასევე ერთგული რჩება სომხეთის უსაფრთხო, საიმედო და მტკიცე ენერგეტიკული მომავლის მიმართ და მუშაობს ენერგიის დივერსიფიკაციის მხარდაჭერაზე, თუ სამოქალაქო ბირთვული ენერგიის ახალი ვარიანტების მიზანშეწონილობის შესწავლაზე.
შეერთებული შტატები აცნობიერებს დღევანდელ საჭიროებას, მხარი დაუჭიროს მთიანი ყარაბაღიდან დევნილ 100 000 ეთნიკურ სომეხს, რომლებმაც სახლ-კარი გასულ სექტემბერში მას შემდეგ დატოვეს, რაც აზერბაიჯანმა სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო იერიში წამოიწყო, აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, „ეს ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთის გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, ისევე როგორც მისი რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკონომიკაში ამ ხალხის ინტეგრაციას, საზოგადოებაში მათი ინტეგრირების მცდელობებს, მათ შორის - საცხოვრებელზე, სამუშაო ადგილებზე, თუ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით”.
სომხეთისთვის რეგიონული ინტეგრაცია უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასაღებია, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთის წინადადებას, სახელად “მშვიდობის გზაჯვარედინზე”, რომელიც მიზნად ისახავს უფრო ინტეგრირებული სამხრეთ კავკასიის შექმნას, ახალი სატრანსპორტო მარშრუტების, ენერგეტიკული თანამშრომლობისა და ტელეკომუნიკაციების მეშვეობით. ეს ხელს შეუწყობს დივერსიფიცირებულ ეკონომიკას, გაფართოებულ შესაძლებლობებს და წაახალისებს მშვიდობისა და შერიგების მცდელობებს.
”ძლიერი მომავალი აქვს ქვეყანას ისეთ რეგიონში, რომელშიც ყველა სახელმწიფო მეტადაა ინტეგრირებული და სარგებელი მოაქვს თავისი ხალხისთვის ერთმანეთთან დაკავშირებულ თითოეულ ქვეყანაში,” - განაცხადა ბლინკენმა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს სურთ სომხეთს ამგვარი მომავლის აშენებაში დაეხმარონ