Accessibility links

Breaking News

აშშ და საფრანგეთი - მტკიცე პარტნიორები


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარჯვნივ)
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარჯვნივ)

შეერთებული შტატები და საფრანგეთი „როგორც ყოველთვის, მტკიცედ დგანან უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული დაუნდობელი ომის პირისპირ“ - განაცხადა ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, როცა თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უმასპინძლა.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამერიკა გააგრძელებს „უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას, საკუთარი სახლების, ოჯახების, თავისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის თავდაცვის საქმეში, წარმოუდგენელი სისასტიკით გამორჩეულ, რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში“.

შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა გადაწყვიტეს რუსეთს პასუხი აგებინონ თავისი ქმედებებისთვის უკრაინაში და იმ გავლენის გამო, რაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ომმა იქონია გლობალურად დანარჩენ სამყაროზეც - განმარტავს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ამერიკის ლიდერის განცხადებით, „შეერთებული შტატები გადაუდებელ დახმარებას უწევს ევროპას, რათა მოხდეს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების ჩანაცვლება, მისი დივერსიფიკაციის გზით. პარალელურად ხდება სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლის დაჩქარება და ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ევროპასთან ახლო პარტნიორობით მუშაობის გაგრძელებას... ასევე, ერთგული ვრჩებით საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისადმი, ორმხრივი სუფთა ენერგიის პარტნიორობის ფარგლებში, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის გამოყენების გაზრდის მიმართულებითაც“.

საფრანგეთი და შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ იმაზე, რომ განმტკიცდეს სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონსაც მოიცავს. ჩვენი სურვილია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი იყოს თავისუფალი და ღია, აყვავებული და უსაფრთხო, ნავიგაციის და საჰაერო მიმოსვლის თავისუფლებით, აღნიშნავს პრეზიდენტი ბაიდენი.

„ერთობლივად ვმუშაობთ, რათა ხელი შევუწყოთ ახლო აღმოსავლეთს მეტ ინტეგრაციაში, [რეგიონის] მშვიდობის და აყვავებისთვის“ - განაცხადა მან.

ბაიდენის თქმით, ორივე სახელმწიფო „ასევე გვერდში უდგას ირანელ ხალხს. საფრანგეთი და შეერთებული შტატები ერთობლივად მუშაობენ იმაზე, რომ ადამიანის უფლებებზე მოძალადეთა პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების საკითხი დადგეს, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ირანის მხრიდან რუსეთის ომის მხარდაჭერას, და დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ირანი... ბირთვულ იარაღს ვერასდროს დაეუფლება“.

აფრიკაში შეერთებული შტატები და საფრანგეთი თანხმდებიან მთავრობათა მუშაობის გაძლიერების, მთელ კონტინენტზე უსაფრთხოების და ეკონომიკური შესაძლებლობების გაღრმავების აუცილებლობაზე.

შეერთებულ შტატებს და საფრანგეთს შორის პარტნიორობა ასევე ვრცელდება კოსმოსის საკითხებში თანამშრომლობაზე და მისი შესწავლის საქმეზე, სუფთა ენერგიაში ინვესტირებაზე, მომავლის საწარმოების აშენებაზე, რომელთა შორის სახელდება ბატარეების და მწვანე წყალბადის პროექტები.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შენიშნა, „ძნელია ისეთი გამოწვევის პოვნა, რომლის გადაწყვეტასაც შეერთებული შტატები და საფრანგეთი ერთობლივი მუშაობით ვერ შეძლებენ. რადგან ყველაფერი, რასაც ჩვენი ორი ერი და მისი ხალხი აკეთებს, ერთმანეთს უკავშირდება თავისუფლების და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ძირეული ფასეულობებით.

XS
SM
MD
LG