Accessibility links

Breaking News

ამერიკა მიწაში დაფლული ნაღმების გამოყენებას ამცირებს


ბოსნიის არმიის ჯარისკაცი წვრთნას ნაღმის უვნებლად განეიტრალებაში გადის.
ბოსნიის არმიის ჯარისკაცი წვრთნას ნაღმის უვნებლად განეიტრალებაში გადის.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვალდებულება აქვს აღებული, რომლითაც მიწაში დაფლული ნაღმების გამოყენება მთელ მსოფლიოში შემცირდება. პოლიტიკის ეს ცვლილება პრეზიდენტის შეხედულებას ასახავს, რომლის მიხედვითაც ამ იარაღს, ბრძოლის შეწყვეტიდან დიდი ხნის შემდეგაც, არაპროპორციული გავლენა აქვს სამოქალაქო პირებზე, მათ შორის ბავშვებზე.

ახალი ვალდებულების მიხედვით, აშშ-ის მიწაში დაფლული ნაღმების პოლიტიკა კორეის ნახევარკუნძულის გამოკლებით, შესაბამისობაში მოვა ოტავის კონვენციასთან - საერთაშორისო შეთანხმების საკვანძო მოთხოვნებთან, რომელიც კრძალავს ცოცხალი ძალის საწინააღმდეგო მიწაში ჩასამარხი ნაღმების გამოყენებას, შენახვას, დამზადებას და სხვისთვის გადაცემას. კორეის ნახევარკუნძულის უნიკალური გარემოებები და აშშ-ის ვალდებულება კორეის რესპუბლიკის დაცვის უზრუნველყოფის შესახებ, ამ დროისთვის შეერთებულ შტატებს საშუალებას არ აძლევს კორეის ნახევარკუნძულზე ცოცხალი ძალის საწინააღმდეგო, მიწაში დაფლული ნაღმების მიმართ პოლიტიკა შეცვალოს.

შეერთებული შტატები არ შეიმუშავებს, დაამზადებს ან შეიძენს ცოცხალი ძალის საწინააღმდეგო მიწაში ჩასამარხ ნაღმებს, ასევე არ მოახდენს ცოცხალი ძალის საწინააღმდეგო იმავე ტიპის ნაღმების ექსპორტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ნაღმების განადგურებას, ან განადგურების მიზნით გადატანას უკავშირდება. შეერთებული შტატები ცოცხალი ძალის საწინააღმდეგო მიწაში ჩასამარხ ნაღმებს კორეის ნახევარკუნძულის მიღმა არ გამოიყენებს და კორეის ნახევარკუნძულის კონტექსტის გარეთ არც არავის დაეხმარება, წაახალისებს ან წააქეზებს, ჩაერთოს ისეთ ქმედებაში, რაც ოტავის კონვენციით იკრძალება. შეერთებული შტატები შეეცდება გაანადგუროს ცოცხალი ძალის საწინააღმდეგო მიწაში დაფლული ნაღმები და მისი მარაგები, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის დასაცავად საჭირო არ არის.

შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ მატერიალური და ოპერატიული გადაწყვეტების დაცვას, რომელიც შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს ოტავის კონვენციას შეუერთდეს და იმავდროულად უზრუნველყოს შეერთებული შტატების უნარი, შეასრულოს თავისი სამოკავშირეო ვალდებულებები.

„შეერთებული შტატების ქმედებები მკვეთრ კონტრასტშია რუსეთის ქმედებებთან უკრაინაში“, თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მთავარმა მოადგილემ სამხედრო-პოლიტიკურ საქმეებში - სტენ ბრაუნმა. უკრაინაში „არის დამაჯერებელი სამხილები, რომ რუსული ძალები უპასუხისმგებლოდ იყენებენ ასაფეთქებელ საბრძოლო მასალას, მათ შორის ცოცხალი ძალის საწინააღმდეგო მიწაში ჩასამარხ ნაღმებს, რაც სამოქალაქო მოსახლეობას უზარმაზარ ზიანს აყენებს და იქ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებს“.

შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ ჩვეულებრივი შეიარაღების განადგურებაში მსოფლიოს ლიდერია. „1993 წლის შემდეგ, 100-ზე მეტ ქვეყანაში 4.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ, რათა ჩვეულებრივი შეიარაღების განადგურების ჩვენი პროგრამების მეშვეობით, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება დაგვეწინაურებინა“ - თქვა სახელმწიფო მდივნის მთავარმა მოადგილემ სტენ ბრაუნმა. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან სამუშაოს და ერთგული დავრჩებით პარტნიორობების გაგრძელების მიმართ, რათა ვუპასუხოთ ცოცხალი ძალის საწინააღმდეგო მიწაში ჩასამარხი ნაღმების ადამიანებზე ზემოქმედებას“.

XS
SM
MD
LG