2020 წლის ნოემბერში, აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელმაც მთიანი ყარაბაღის რეგიონში ბრძოლების ექვსი კვირა დაასრულა. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ლაჩინის დერეფანში, მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე, რუსეთის მშვიდობისმყოფელთა ჯარი განალაგეს.
თუმცა, გასული წლის ბოლოს, აზერბაიჯანის მთავრობამ სომხეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, ლაჩინის დერეფნის ბლოკადა დაიწყო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციის თანახმად, ლაჩინის დერეფნის გავლით მიმავალი მთელი ჰუმანიტარული დახმარება რამდენიმე კვირით შეწყდა. ამ ქმედებამ გამოიწვია ჰუმანიტარული კრიზისი მთიანი ყარაბაღის ათობით ათასი მცხოვრებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან, მიწურვის პირას არსებული მარაგებით იარსებონ.
SEE ALSO: აშშ სამხრეთ კავკასიაში განნაღმვის მცდელობებს აფინანსებს„ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, რომ დერეფანში თავისუფალი მოძრაობა განაახლოს, რათა კომერციულმა, ჰუმანიტარულმა და კერძო ავტომობილებმა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობასთან მიღწევა შეძლოს“, თქვა შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა.
„ღრმად შეშფოთებულნი ვართ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვით, რითაც საარსებო საშუალებებზე წვდომა გადაიკეტა და ჰუმანიტარული ვითარება გამწვავდა. საკვებზე, წამალზე, ბავშვის საკვებზე და ენერგიაზე წვდომა მძევლად არასდროს უნდა იქცეს", თქვა მან.
მხოლოდ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის დასრულება, მთიანი ყარაბაღის ხალხის დასაცავად საკმარისი არ არის, აღნიშნავს თომას-გრინფილდი:
„მინდა ხაზი გავუსვა იმის საჭიროებას, რომ მხარეებმა გააგრძელონ მოლაპარაკება, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი, ხანგამძლე გადაწყვეტისკენ და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირებისკენ იქნება მიმართული... და ნება მომეცით განვმარტო: რეგიონში მშვიდობის დამყარება მთიანი ყარაბაღის ადამიანთა უფლებების და უსაფრთხოების დაცვას უნდა მოიცავდეს".
გაეროში ამერიკის ელჩის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს "ნებისმიერ ფორმატს, რომელიც სომხეთს და აზერბაიჯანს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული დიალოგის გაგრძელების საშუალებას აძლევს“. ლინდა თომას-გრინფილდი ასევე აღნიშნავს, რომ „შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და წარმატებული მომავლის ხელშეწყობის ერთგულია".