ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოსკოვს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რუსი სამოქალაქო აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა.
დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დიდი ხნის დამცველი და ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე გაუმართლებელი ომის კრიტიკოსი, ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვში 11 აპრილს დააკავეს და მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, კარამურზა „არის ადამიანი, რომელიც აქამდეც არაერთხელ დააპატიმრეს და თითქმის სასიკვდილოდ მოწამლეს მხოლოდ იმისთვის, რომ ის მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსი ხალხის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების ხელყოფას“.
მარტში, შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, კარა-მურზამ უკრაინის წინააღმდეგ ომს უწოდა „არაპროვოცირებული, გაუმართლებელი, უკანონო ომი, რომელსაც მიზანში საგანგებოდ ჰყავს ამოღებული მშვიდობიანი მოსახლეობა“. რუსმა დისიდენტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „რუსეთი და პუტინის რეჟიმი ერთი და იგივე არ არის. ბევრი ხალხია ჩემს ქვეყანაში ისეთი, ვინც ამ დანაშაულს ისეთივე კატეგორიულობით ეწინააღმდეგება, როგორითაც აქ, ამერიკელი ხალხი“.
მოსკოვში მის დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე, კარა-მურზამ ინტერვიუ მისცა „სი-ენ-ენს“ (CNN), რომელშიც პუტინის რეჟიმს „მკვლელი“ უწოდა და იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინაში ომი პუტინის კრახს გამოიწვევს. საკუთარი შეხედულებების გამოხატვით, კარა-მურზა დაუპირისპირდა რუსულ კანონს, რომელიც კრძალავს მსგავსი აზრების გახმოვანებას და ამას „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებად აფასებს. ასევე აკრძალულია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციისთვის ომის, ან თავდასხმის წოდება.
„ბოლო დეკადის განმავლობაში, რუსეთის ოფიციალური პირები დამოუკიდებელი და გამოკვეთილი ხმების შესავიწროებლად და ჩასახშობად, იყენებენ ბუნდოვან კანონებს და გაურკვეველ წინაპირობებს“, აცხადებს ჰიუ უილიამსონი უფლებადამცველი ორგანიზაციიდან „ჰიუმან რაითს ვოჩი“. მისი თქმით, „ახლა ისინი არაორაზროვნად აწესებენ ცენზურას, ყალბ ნარატივთან კომბინაციაში და ითხოვენ, რომ ყველამ ასევე გაიმეოროს“.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმი ხდება „გაცილებით აგრესიული მის ფარგლებს გარეთ და უფრო რეპრესიული ქვეყნის საზღვრების შიგნით“. პრაისმა გაიხსენა, თუ როგორ დააკავეს გასულ წელს ათასობით ადამიანი, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას. ის ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ვლადიმირ კარა-მურზას ახლანდელი, ამ წლის დაპატიმრება ხდება იმ ფონზე, როცა წელს 15 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე დააკავეს უკრაინის წინააღმდეგ მთავრობის მიერ დაწყებული სასტიკი ომის გაპროტესტების გამო.
პრაისის თქმით, „ეს არის ქმედება მთავრობის... რომელსაც ფუნდამენტურად აკლია თავდაჯერება... რომელსაც არ სურს საკუთარ ხალხს მისცეს უფლება მოიქცეს სწორად, როგორც ეს მიღებულია ყველგან, რომ გამოხატოს საკუთარი პროტესტი, მოაწყოს მშვიდობიანი მსვლელობა, შექმნას პოლიტიკური ორგანიზაციები, აიმაღლოს ხმა ისე, რომ მისი თავისუფალი ნება სხვებმაც შეიტყონ“.