ბლინკენი ჩვენი დროის უდიდეს კრიზისზე - გლობალური სასურსათო უსაფრთხოება

ბოლო 5 წლის მანძილზე „მსოფლიოში იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სასურსათო უსაფრთხოების მხრივ მწვავე ვითარებაში ცხოვრობს... უზომოდ გაიზარდა და 108 მილიონიდან 161 მილიონს მიაღწია“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. თანაც, ენტონი ბლინკენის თქმით, „ეს მანამდე მოხდა, ვიდრე რუსეთის მთავრობა უკრაინაში პროვოკაციის გარეშე შეიჭრებოდა, რამაც შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით კიდევ 40 მილიონით გაზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სასურსათო უსაფრთხოების ზონაში იმყოფება“.

„ზოგი შეეცადა კრიზისის გაუარესება სანქციებისთვის დაებრალებინა, რომლებიც რუსეთის ფედერაციას შეერთებულმა შტატებმა და ბევრმა სხვა სახელმწიფომ დაუწესა“ - თქვა ბლინკენმა. “

„ეს სიყალბეა. როცა სანქციებს ვუწესებდით რუსეთს, რათა მას ომი რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა, ჩვენ გამიზნულად დავუშვით გამონაკლისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სასუქისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ, ან დავეხმაროთ ქვეყნებს, რათა სანქციებმა არ შეაფერხოს სურსათის ან სასუქის ექსპორტი უკრაინიდან, რუსეთიდან, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

SEE ALSO: გლობალური შიმშილისა და კლიმატური კრიზისის ურთიერთდამოკიდებულება

ენტონი ბლინკენმა ამ საკითხებზე გასულ თვეში გამართულ, მინისტერიალის დონის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებს მან კრიზისის დაძლევის მიზნით, გამოსავალი 4 ეტაპად შესთავაზა.

„უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება, რომ ქვეყნებმა ახალი, მოცულობითი წვლილი შეიტანონ, რათა მოხდეს იმ ვაკუუმის შევსება, რომელიც სასურსათო უსაფრთხოებასთან მებრძოლ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და სააგენტოებს შეექმნათ. მათ უკიდურესად რთულ გადაწყვეტილებათა მიღება უწევთ იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეამცირონ სასიცოცხლო დახმარების მიწოდება და სად და როდის გაუშვან ის“ - თქვა ბლინკენმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სხვებს სააკუთარი მაგალითით გაუძღვება. ამისთვის ვაშინგტონი დამატებით $215 მილიონს გამოყოფს საგანგებო სასურსათო დახმარებისთვის, გარდა იმ $2.3 მილიარდისა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე მიაწოდეს.

ბლინკენის თქმით, მეორე ეტაპზე, სასწრაფო რეაგირებაა საჭირო სასუქის გლობალური უკმარისობის ფრონტზე. „შეხედეთ აფრიკას, სადაც სასუქის ფასი პანდემიის შემდეგ გაოთხმაგდა და ახლა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, განუზომლად გაიზარდა. [პრობლემის მოგვარების] ერთ-ერთი გზა იქნება, წამახალისებელი პროგრამების შექმნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მეტ სასუქს აწარმოებენ, როგორც ამას შეერთებული შტატები აკეთებს, წარმოების წასახალისებლად $500 მილიონის დაპირების გაცემით“.

მესამე ეტაპზე, უნდა გაიზარდოს ინვესტიცია სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობაში და მის მდგრადობაში. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ ამ მიმართულებაშიც მომდევნო 5 წლის მანძილზე $5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.

„მეოთხე - ჩვენ გვჯერა, რომ მოვალენი ვართ დახმარება გავუწიოთ ღარიბ და მოწყვლად მოსახლეობას, რომელზეც ეს კრიზისი კოლოსალურ გავლენას ახდენს“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ბოლოს, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აუცილებელია თესვის პროცესის გაცილებით უფრო გაზრდა და ამასთან დაკავშირებული რისკებისთვის თვალის გასწორება.

„თუ ყველა ზემოთთქმულ ნაბიჯს გადავდგამთ... ამ კრიზისს დავძლევთ, მომავალში მსგავსი კრიზისების პრევენციას დავეხმარებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უამრავ სიცოცხლეს ვიხსნით“ - თქვა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, „სწორედ ეს არის ახლა სასწორზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ გავერთიანდებით, ჩვენ ამ გამოწვევის დაძლევას შევძლებთ“.