18 მაისს, ფინეთის და შვედეთის მთავრობებმა ნატოს თავდაცვით ალიანსში წევრობის განაცხადი შეიტანეს. ამ ქვეყნების განაცხადები, პუტინის რეჟიმის მიერ თავის მეზობელ უკრაინაში არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის პირდაპირი შედეგია, რადგან ეს ორივე ქვეყანა, რომელიც ადრე სამხედრო კუთხით მიუმხრობელი იყო, მივიდა დასკვნამდე, რომ უსაფრთხოება, რომელსაც ისინი მიიღებენ, რუსეთის ხელმძღვანელობასთან ანტაგონიზმის რისკს ბევრად გადასწონის.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორი ქვეყნის გადაწყვეტილებას მიაესალმა. „ფინეთი და შვედეთი ნატოს გააძლიერებენ“, თქვა ბაიდენმა. „და ძლიერი, ერთიანი ნატო, ამერიკის უსაფრთხოების საფუძველია“.
SEE ALSO: ბლინკენი ნატოს შეხვედრაზე ბერლინშიმიუხედავად იმისა, რომ ფინეთი იმპერიული რუსეთის მიერ იყო კოლონიზებული და შემდეგ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ორ ომში იბრძოლა - ერთი 1939-40 და მეორე 1941-1944 წლებში - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ჰელსინკი მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ინარჩუნებდა და სამხედრო კუთხით ნეიტრალური რჩებოდა. შვედეთს სამხედრო მიუმხრობლობის ორსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, ფინეთმა და შვედეთმა ნატოსთან თავისი თანამშრომლობა გააღრმავეს, წარსულში არც ამ ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს და არც მოსახლეობის უმრავლესობას, ნატოს წევრობისადმი ინტერესი არ გამოუხატავს. ახლა ეს შეიცვალა.
კრემლის არჩევანით უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სასტიკი ომის ერთ-ერთი საშინელი ირონია ისაა, რომ ვლადიმირ პუტინი აჩქარებს სწორედ იმას, რაზეც აცხადებდა, რომ ეშინოდა და თავიდან აცილება სურდა: ნატოს გაფართოება. ფინეთის და შვედეთის ჩართვა გააძლიერებს ბალტიის სამი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ახლა ნატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგს შეადგენს და კოლის ნახევარკუნძულიდან არქტიკის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი აგრესიული გაფართოების განეიტრალებას დაეხმარება.
პუტინის აგრესიის პირისპირ, ნატოს ალიანსი - თავიდანვე თავდაცვითი და მშვიდობის მოსურნე - რჩება როგორც ძლიერი, ერთიანი დასაყრდენი ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან საკუთარი სუვერენიტეტი და ხალხი დაიცვან.
„ჩრდილოეთში ნატოს ორი ახალი წევრის ყოლა, ჩვენი ალიანსის უსაფრთხოებას გააძლიერებს და მთლიანად უსაფრთხოების დარგში ჩვენს თანამშრომლობას გააღრმავებს“, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა. „დღეს არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო კომპეტენტურია, ეფექტურია და უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე ყოფილა“.