რუსეთის ქმედებათა მაღალი საფასური

რუსეთის იერიშის შემდეგ, მაშველებს ნანგრევებიდან ბავშვი გამოჰყავთ. 14 აპრილი, 2023 წ. სლოვიანსკი, უკრაინა.

ეჭვს არ ტოვებს ის საკითხი, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ უკანონო ომს, მთელ მსოფლიოზე აქვს უარყოფითი გავლენა. ისეთი ქვეყნებიც კი დაზარალდნენ, რომლებიც ომში ჩართული არ არიან. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ ენერგორესურსების მხრივ „მასშტაბური და ისტორიული შოკი“ გამოიწვია; შეარყია გლობალური ბაზრები; იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმის, რომ ეკონომიკური ზრდა შენელდა და გასულ წელს მხოლოდ 3.1% შეადგინა - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გამოსცა ეუთომ, ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ.

გაცილებით სერიოზული პრობლემები შეექმნა მათ, ვინც სასურსათო პროგრამების დახმარების იმედზე იყო. მაშინ როცა აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ნაწილი უპრეცედენტო სასურსათო კრიზისის წინაშე იმყოფება, რუსეთმა მძიმე დაღი დაასვა უკრაინის უნარს, მოიყვანოს მოსავალი და ის ექსპორტზე შავი ზღვის პორტებიდან გაიტანოს.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ომის შედეგად, რუსეთის არმიის გამიზნული იერიშებით ისე არავინ დაზარალებულა, როგორც უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა. უკრაინაში ბოლო 14 თვის მანძილზე გაერომ ომის 24 000-მდე მსხვერპლი აღრიცხა. თუმცა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ამბობს, რომ ადგილზე რეალური მონაცემები ნამდვილად გაცილებით მეტია.

SEE ALSO: რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ხსნა


ეს ომი „არავის უჯდება ისე ძვირი, როგორც უკრაინას“, აღნიშნავს რობერტ ვუდი - პოლიტიკის საგანგებო საკითხებში შეერთებული შტატების წარმომადგენელი გაეროში. „15 თვის შემდეგაც... არ ვართ ახლოს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული ომით გამოწვეული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებასთან. მეტიც, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში იზრდება სიკვდილობის მონაცემი რუსეთის მხრიდან რაკეტებით და დრონებით მიტანილი სარაკეტო იერიშების შედეგად“.

რობერტ ვუდის თქმით, მხოლოდ „პირველიდან ოთხი მაისის ჩათვლით, რუსეთმა უკრაინაზე 145 საჰაერო იერიში მიიტანა. ეს ყოველ ერთ საათში თითო რაკეტას, დრონს ან ბომბს ნიშნავს, 24 საათის განმავლობაში, ზედიზედ 3 დღის მანძილზე“. ამასთან, „მხოლოდ ამ სამი დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა, რომელთა შორის 5 ბავშვია“.

პარალელურად, „ჰუმანიტარული ორგანიზაციები იუწყებიან, რომ ფრონტისპირა ადგილებში გაუარესდა ვითარება ისეთი საჭიროებების მხრივ, როგორიცაა ელექტროენერგია, საკვები და საწვავი, რაც იქ დეფიციტს წარმოადგენს“ - ამბობს ამერიკის ელჩი.

მისი თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ „პუტინის მიერ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშები საფრთხეს ჩვენ ყველას გვიქმნის... რუსეთს არ აინტერესებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გვერდითი მოვლენების მიხედვა. რუსეთი არც გონივრულ დიპლომატიაში და მოლაპარაკებებში იჩენს გულწრფელ ინტერესს“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს თავისი იერიშები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და სრულად გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან“ - აცხადებს რობერტ ვუდი. ელჩის თქმით, დღეს „ომის დასრულება მხოლოდ რუსეთს შეუძლია, მას ვინც ეს უაზრობა წამოიწყო“.