შეერთებული შტატები თურქეთს დაჟინებით მოუწოდებს შვედეთის ნატოში შესვლის რატიფიცირება სწრაფად მოახდინოს. რუსეთის მიერ უკრაინაზე არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანის თავდასხმის შემდეგ, შვედეთმა თავის მეზობელ ფინეთთან ერთად, სამხედრო ნეიტრალიტეტის დიდი ხნის პოლიტიკაზე უარი თქვა და გასულ წელს ნატოში გაწევრიანების პროცესი წამოიწყო.
ფინეთი ნატოში ფორმალურად აპრილში შევიდა, მაგრამ შვედეთს ჯერ თურქეთმა და უნგრეთმა უნდა მისცენ თანხმობა. ეს ნატოს წესის გამო ხდება, რომელიც მეხუთე მუხლშია გაწერილი. რადგან ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს, ახალი წევრებით ალიანსის გაფართოება მისმა ყველა წევრმა უნდა დაამტკიცოს.
SEE ALSO: ფინეთის ნატოში გაწევრიანებაშვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს შვედეთის [ალიანსში] გაწევრიანების პროცესი ივლისში, ნატოს ლიდერების ვილნიუსის სამიტისთვის დასრულდეს.
„ჩვენ ვიცით რომ ალიანსი უფრო ძლიერი და უკეთესი იქნება, როდესაც ეს პროცესი დასრულდება“, თქვა მან და დასძინა: „ამიტომ, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ თურქეთსაც და უნგრეთსაც, რომელსაც რატიფიკაცია ასევე არ მოუხდენია, გაწევრიანების რატიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ. დამატებითი დროით დაყოვნების მიზეზი არ არსებობს. შვედეთი უკვე მზადაა. გადაწყვეტილება ახლავე უნდა იქნას მიღებული“.
ენტონი ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ შვედეთმა ,ფინეთის მსგავსად, რაც პატივისცემას იმსახურებს, თურქეთის მიერ წამოჭრილი უსაფრთხოების კანონიერი საკითხების გადასაჭრელად, „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“.
„ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მომავალ კვირებში დასრულდება. ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ ეს შესაძლებელია, ეს უნდა გაკეთდეს და მოველით რომ ეს ასეც იქნება.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვაა, რომ შვედეთი დიდი ხნის განმავლობაში ნატოს პარტნიორი იყო და „ნატოს, მისი მისიის, მისი წევრების მიმართ თავისი ერთგულება დაამტკიცა“:
„ძლიერი, სიცოცხლით სავსე დემოკრატია უაღრესად უნარიანი ძალებით, რომელიც წლების, ათწლეულების განმავლობაში ნატოს წევრების მხარდამხარ მუშაობდა, ის სრულიად ერთგულია შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ჩვენი ალიანსის, მათ შორის მეხუთე მუხლის საძირკველია“.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, თუ რამდენად სწრაფად მიაწოდა შვედეთმა 2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება უკრაინას მას შემდეგ, რაც რუსეთმა მეზობელი სახელმწიფოს მიმართ თავისი სასტიკი სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო.
„გამოწვევების პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ახლო მოკავშირეების, ახლო პარტნიორების, ახლო მეგობრების ყოლაა“, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. „შეერთებულ შტატებს ვერ ეყოლებოდა უფრო ახლო პარტიორი და მეგობარი, და მალე მოკავშირე, ვიდრე შვედეთია“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.