Accessibility links

Breaking News

ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრობისთვის მზად არიან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (ცენტრში), ფინელ კოლეგა პეკა ჰაავისტოსთან (მარცხნივ) და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტობიას ბილსტრომთან (მარჯვნივ) ერთად. ვაშინგტონი, აშშ. 8 დეკემბერი, 2022 წ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (ცენტრში), ფინელ კოლეგა პეკა ჰაავისტოსთან (მარცხნივ) და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტობიას ბილსტრომთან (მარჯვნივ) ერთად. ვაშინგტონი, აშშ. 8 დეკემბერი, 2022 წ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოს ალიანსში ფორმალურად გაწევრიანებისთვის. განცხადება ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, ორივე სკანდინავიური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ორივე სახელმწიფომ, სამხედრო ალიანსებთან მიუკუთვნელობის ხანგრძლივი ისტორიის შემდეგ, განაცხადი ნატოში გაწევრიანების თაობაზე მაისში ოფიციალურად გააკეთა, რაც უკრაინაში კრემლის არაპროვოცირებულ, კიდევ უფრო ღრმად შეჭრას მოჰყვა. პრესკონფერენციაზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა: „ფინეთს და შვედეთს სრულად ესმით, თუ რა დევს სასწორზე ნატოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის უკრაინაში, ამ კრიტიკულ მომენტში“.

„წელს შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტი ღირებულების უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და სხვა ტიპის დახმარება გააგზავნეს. ახლახან ორივემ განცხადება ისტორიულად უდიდესი სამხედრო დახმარების პაკეტის თაობაზე გააკეთა. შვედებმა და ფინელებმა თავისთან ათობით ათასი ლტოლვილი უკრაინელი შეიფარეს“ - აღნიშნა ბლინკენმა. „როგორც ევროპის კავშირის წევრები, ისინი უერთდებიან ჩვენს პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ, უპრეცედენტო დონის სანქციებში, რათა მას ომის წარმოების შესაძლებლობა შეეზღუდოს“.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შვედეთის და ფინეთის შეიარაღებული ძალები აქამდეც მონაწილეობდნენ საერთაშორისო მისიებში. ისინი შეერთებული შტატების და ნატოს ძალებთან ერთად მსახურობდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში და მათი სამხედროები „ ალიანსის ძალებთან ერთად, თითქმის უზადოდ მუშაობენ“.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ორი ქვეყანა ნატოს ალიანსს არამარტო საკუთარი სამხედრო შესაძლებლობებით გააძლიერებს, არამედ - საკუთარი ფასეულობებითაც. „მტკიცე ერთგულებით დემოკრატიის მიმართ, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი, ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემით, ადამიანის ღირსებისადმი პატივისცემით“ - განაცხადა მან.

ნატოს 30 მოკავშირიდან 28 წევრმა სწრაფი წესით უკვე დაამტკიცა ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება. ჯერი ახლა თურქეთზე და უნგრეთზეა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, შვედეთმა და ფინეთმა მნიშვნელოვანი კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, რათა თურქეთის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების მოსაზრებები გაეთვალისწინებინათ.

„საქმე წინ მიდის იმის წყალობით, რომ ჩვენი ორი სამომავლო მოკავშირე ძალზე მნიშვნელოვან სამუშაოს ეწევა თურქეთთან, და მე მაქვს ყველა საფუძველი მოლოდინისა, რომ პროცესი გაგრძელდება და მალე წარმატებით დასრულდება“ - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ბლინკენის თქმით, კრემლის მიერ უკრაინასთან გაჩაღებულმა სასტიკმა ომმა რუსეთის ჩავარდნა ბევრ ფრონტზე გამოიწვია. სერიული ჩავარდნები მოიცავს უკრაინაში ბრძოლის ველზე დამარცხებას და ასევე მის წარუმატებლობას უკრაინის საზღვრების წაშლის, თუ უკრაინის იდენტობის, უკრაინელი ხალხის და მათი სიმტკიცის დამარცხების მცდელობაში.

„და ვიდრე შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებისთვის ემზადებიან“ - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი, „მან (რუსეთმა) ვერც ჩვენი ალიანსის დასუსტება შეძლო. რაღა თქმა უნდა, მან ნატო მხოლოდ გააძლიერა“.

XS
SM
MD
LG