შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა ახალი ამერიკული დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობისაა. განცხადება მან უკრაინაში თავისი მეოთხე ვიზიტის დროს გააკეთა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაზე სრული და არაპროვოცირებული თავდასხმა განახორციელა.
„შეერთებული შტატები რჩება იმის ერთგული, რომ მისცეს უკრაინას საშუალება, თავადვე შექმნას საკუთარი მომავალი. პრეზიდენტ პუტინის სასტიკი ომით შექმნილი განსაცდელის ჟამს, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ჩამოაყალიბეს პარტნიორობა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე როდესმე ყოფილა და ის ყოველდღიურად იზრდება“.
დახმარების პაკეტი სხვასთან ერთად, მოიცავს 175 მილიონ დოლარს, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვას მნიშვნელოვნად დაეხმარება. ასევე, ის ითვალისწინებს 100 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო სამხედრო დახმარების დაფინანსებას, რაც უფრო ხანგრძლივი დროის სამხედრო საჭიროებებს დაეხმარება. ის ასევე გამოყოფს 90.5 მილიონს, ჰუმანიტარული განნაღმვის დახმარების მიმართულებით.
უკრაინა ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მძიმედ დანაღმული ქვეყანაა... რუსულმა საომარმა იარაღმა ასობით სამოქალაქო პირი მოკლა და მილიონობით ადამიანი მომავალი წლების განმავლობაშიც, თითქმის ათწლეულების განმავლობაში საშიშროების წინაშე დააყენა.
SEE ALSO: ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ძლიერიაამასთან ერთად, გათავისუფლებულ ადგილებში სამართალდამცავი ძალისხმევისთვის, შეერთებული შტატები უკრაინას 300 მილიონ დოლარს გადასცემს. 203 მილიონ დოლარს ვაშინგტონი იმ ინსტიტუტების მხარდასაჭერად გასცემს, რომლებიც აძლიერებენ საკვანძო რეფორმების ძალისხმევას და რომლებიც მიმართულია კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობისკენ და ანგარიშვალდებულებისკენ.
დამატებით, უკრაინელი სამხედრო ვეტერანების მხარდასაჭერად, შეერთებული შტატები ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონებიდან 5.4 მილიონ დოლარს გადარიცხავს. „მათ, ვინც პუტინის აგრესიული ომი შესაძლებელი გახადეს, ამისთვის საფასური უნდა გადაიხადონ“- თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
იმ დროსაც კი, როდესაც შეერთებული შტატები რუსეთის მიმდინარე აგრესიასთან გასამკლავებლად, უკრაინისადმი დახმარებას მაქსიმუმამდე ზრდის, ის ასევე ერთგული რჩება იმისადმი, რომ უკრაინას დაეხმაროს სამომავლოდ თავისი ძალების მშენებლობაში - ისეთი ძალების, რომელსაც აგრესიის თავიდან აცილება და ქვეყნის აგრესიისგან დაცვა შეეძლება.
დიდი შვიდეულის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის დეკლარაციის ფარგლებში, 28 სხვა ქვეყანაც მსგავს პირობას დებს, თქვა ენტონი ბლინკენმა:
„ისინი აცნობიერებენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება, მთელი ევრო-ატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია და სინამდვილეში, მსოფლიოს გარშემო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია - იმ პრინციპებისთვის გამოწვევის გამოცხადებით, რაც აქ ხდება, და ასევე უკრაინელთა სიცოცხლისა და საარსებო საშუალებებისადმი გამოწვევის შექმნით. ეს 29 ქვეყანა, რომელიც მზად არის უკრაინას მხარი ხანგრძლივი დროით დაუჭიროს, ერთობლივად მოახდენს იმ ხანგრძლივი მხარდაჭერის ტვირთის კოორდინაციას და გაზიარებას“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ ხალხს გრძელვადიანი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა: „ისევე, როგორც ბოლო 20 თვის განმავლობაში ვიდექით თქვენს გვერდით, რათა უზრუნველგვეყო თქვენი ქვეყნის გადარჩენა, თქვენს გვერდით ვიქნებით, როდესაც თქვენს მომავალს გადაწყვეტთ და თავიდან ააშენებთ თავისუფალ, სიცოცხლისუნარიან, წარმატებულ უკრაინას“.