2023 წლის 4 აპრილს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დაფუძნების დღეს, ფინეთი ნატოს 31-ე მოკავშირე სახელმწიფო გახდა.
გასული წლის მაისში, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული და სასტიკი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ფინეთმა, მეზობელ შვედეთთან ერთად, უკან მოიტოვა ათწლეულობით დამკვიდრებული სამხედრო მიუკერძოებლობის პოლიტიკა და გადაწყვიტა ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებისკენ გადაედგა.
ბრიუსელში მყოფი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიესალმა ნატოში ფინეთის ოფიციალურად მიღების გაფორმებას და ამ დღეს ისტორიული უწოდა.
„ცდუნება მძლევს, რომ ვთქვა: შესაძლოა, ეს იყოს ის ერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია ბატონ პუტინს მადლობა გადავუხადოთ... მან დააჩქარა ისეთი რამ, რისი პრევენციაც, მისი თქმით, რუსეთის აგრესიით სურდა და რამაც ქვეყნები აიძულა, რომ მომავალში რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავების მიზნით, საკუთარი თავდაცვისთვის გადაეხედათ“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გულთბილად შეეგება ფინეთის მიღებას ნატოს 31-ე წევრად. მისი თქმით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესი იყო თანამედროვე ისტორიაში. „როცა პუტინმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიის ომი დაიწყო, მას ეგონა, რომ ევროპას და ნატოს დაშლიდა“ - თქვა თავის განცხადებაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. „ის შეცდა. დღეს ჩვენ უფრო ერთიანნი ვართ, ვიდრე როდესმე“ - განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფინეთი და შვედეთი, ორივე „ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა, მაღალი შესაძლებლობების მქონე შეიარაღებული ძალებით, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ფასეულობებს და მსოფლიო ხედვას“. ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა თურქეთს და უნგრეთს, დაასრულონ რატიფიკაციის პროცესი, რათა შვედეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არ შეყოვნდეს.
70-წელზე მეტია, ნატო ხელს უწყობს ევროპაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, „ჩვენი უახლესი მოკავშირის, ფინეთის გაწევრიანებით გაძლიერებულები, ერთად გავაგრძელებთ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების შენარჩუნებას, დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს და წინ აღვუდგებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენ წინაშე აღმოჩნდება“.