Accessibility links

Breaking News

ერთიანი ფრონტით დიდი შვიდეულის შეხვედრაზე


დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ტოკიოში (იაპონია) გამართულ შეხვედრაზე. 8 ნოემბერი, 2023 წ.
დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ტოკიოში (იაპონია) გამართულ შეხვედრაზე. 8 ნოემბერი, 2023 წ.

„დიდი შვიდეულის“ სახელით ცნობილ, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე დემოკრატიულ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლოდროინდელ შეხვედრაზე ტოკიოში, მსჯელობის ყურადღების ცენტრში მიმდინარე საერთაშორისო კრიზისები და ამაზე ერთიანი პასუხის საჭიროება იყო.

განხილვა ნაყოფიერი იყო, თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა:

„დიდმა შვიდეულმა, როგორც მსოფლიოს განვითარებული დემოკრატიების წარმმართველმა კომიტეტმა, თავისი როლი გააძლიერა, აჩვენებს მიზნის უპრეცედენტო ერთობას და ერთობას მოქმედებაში იმ საკითხებზე, რომლებიც 21-ე საუკუნეს განსაზღვრავს“.

განხილულ საკითხებს შორის პირველ ადგილზე ენტონი ბლინკენმა დაასახელა კრიზისი ახლო აღმოსავლეთში.

„დიდი შვიდეულის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უფლებისა და მოვალეობის მიმართ, თავი დაიცვას და ეცადოს იმის უზრუნველყოფა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად, 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმები ვეღარასდროს გამეორდეს" - განაცხადა შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრები ასევე შეთანხმდნენ ჰუმანიტარული პაუზების საჭიროებაზე, აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. მისი თქმით, მსგავს შესვენებებს შეეძლება დაეხმაროს „პალესტინელი სამოქალაქო პირების დაცვას, ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი შედინების გაზრდას, ჩვენი და უცხოელი მოქალაქეების გამოსვლას და მძევლების გათავისუფლების შუამავლობას“.

„საბოლოოდ, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ეს კრიზისები აღარასდროს მოხდეს, ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობების შექმნის დაწყებაა... ამაში უნდა შევიდეს პალესტინელი ხალხის ხმები და მისწრაფებები, რაც ღაზაში კრიზისის შემდგომი მმართველობის ყურადღების ცენტრში იქნება“, თქვა მან.

შეხვედრის კიდევ ერთი საკვანძო ფოკუსი, დიდი შვიდეულის უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა იყო.

ბლინკენის განცხადებით, „დიდი შვიდეული მსოფლიოს ამ მხარდაჭერის სტიმულირებაში და შენარჩუნებაში უძღვებოდა. და დღეს ჩვენ [უკრაინის] საგარეო საქმეთა მინისტრ [დმიტრო] კულებას ვუთხარით, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს“.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი შვიდეულის მინისტრებმა იმსჯელეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე და ერთად გადადგმულ ნაბიჯებზე, რათა უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც თავისუფალი, ღია და წარმატებული რეგიონის მათ საერთო ხედვას ექმნება. ამ გამოწვევებში შედის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქმედებები სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იძულებრივი ძალისხმევები, შეცვალოს „სტატუს-კვო“ ტაივანზე. მსჯელობის ყურადღების ცენტრში იყო ასევე კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებები, რაკეტების გამოცდა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთს შორის სახიფათო სამხედრო თანამშრომლობა.

„საერთაშორისო წესრიგის დაცვისთვის ბრძოლაში ამ გარდამტეხ მომენტში, მტკიცედ ვინარჩუნებთ უფრო თავისუფალი, უსაფრთხო, ღია და წარმატებული მსოფლიოს ჩვენეულ ხედვას“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. და ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენ შევქმენით არაჩვეულებრივი კოალიციები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომლებიც თავის წილ ტვირთს იზიარებენ. და ჩვენ, დიდი შვიდეულის ამ შეხვედრიდან, დღევანდელი დღის გამოწვევებთან გასამკლავებლად უფრო ძლიერები და უფრო ერთიანები მივდივართ“.

XS
SM
MD
LG