Accessibility links

Breaking News

ძლიერი და ერთიანი ნატო უკრაინას უჭერს მხარს


ენტონი ბლინკენი და იენს სტოლტენბერგი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ვაშინგტონი, აშშ. 29 იანვარი, 2024 წ.
ენტონი ბლინკენი და იენს სტოლტენბერგი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ვაშინგტონი, აშშ. 29 იანვარი, 2024 წ.

ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესბრიფინგზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ნატო წინ მიიწევს არამარტო იმ შეგრძნებით, რომ მათი მიზანი საერთო და საგანგებოა, არამედ ერთიანი ქმედების საჭიროების გააზრებითაც“. ამის მაგალითად, ბლინკენმა ახლახან, თურქეთის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამტკიცება მოიყვანა, რასაც წინ უძღოდა გასულ წელს, ალიანსში ფინეთის გაწევრიანება.

„როგორც ფინეთის, ისე შვედეთის წევრობა გარდაუვალი იყო. რეალურად, ორი წლის წინანდელ მოვლენებს რომ გადავხედოთ, ამაზე არავინ საუბრობდა. მაგრამ, უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის განახლებული აგრესიის ფონზე, ორივე ქვეყანამ გააცნობიერა, რომ ალიანსში გაწევრიანების გზით, საკუთარი ხალხის და სუვერენიტეტის დაცვა, აშკარად მათ ინტერესებში შედიოდა“ - განაცხადა ბლინკენმა ვაშინგტონში სტოლტენბერგის ვიზიტისას.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად, მათ ისაუბრეს უკრაინის მიმართ ნატოს ურყევ მხარდაჭერაზე.

„გასულ კვირას ნატომ 220 000 საარტილერიო ჭურვის საწარმოებლად, ხელი მოაწერა 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტს. ეს დაეხმარება მოკავშირეებს აღადგინონ საკუთარი არსენალი და ხელს შეუწყობს შეერთებული შტატების, ევროკავშირის, უკრაინის ძალისხმევას, თავდაცვის წარმოების გაზრდის მიმართულებით. უფრო წინ რომ გავიხედოთ, ეს თავად ნატოს და მის ყველა მოკავშირეს კიდევ უფრო მტკიცე და შეუვალს გახდის მომავლის საფრთხეების მიმართ” - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, როცა საქმე უკრაინის დახმარებას შეეხება, ერთობლივი ტვირთის გაზიარების უკეთესი მაგალითი აქამდე არასდროს ყოფილა:

„შეერთებულმა შტატებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინას დაახლოებით 75 მილიარდი დოლარით, სრულიად გამორჩეული მხარდაჭერა გამოუცხადა. მაგრამ, ჩვენმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა, განსაკუთრებით ნატოში ჩვენმა მთავარმა მოკავშირეებმა, იმავე პერიოდის განმავლობაში, [უკრაინის დასახმარებლად] 110 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს“.

იმისათვის, რომ უკრაინამ მიაღწიოს წარმატებას და რუსეთმა „სტრატეგიული მარცხი“ იწვნიოს, ბლინკენის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა დაამტკიცოს, რომელიც მას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასული წლის ოქტომბერში შესთავაზა და რომელიც უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი დოლარის დახმარებას მოიცავს.

„ამის გარეშე, ყველაფერი, რასაც უკრაინელებმა მიაღწიეს და რის მიღწევაშიც ჩვენ მათ დავეხმარეთ, საფრთხის ქვეშ დადგება... ამ დამატებითი დახმარების გარეშე, გამოვა, რომ ყველა ჩვენს მოწინააღმდეგეს ძლიერ და არასწორ გზავნილს გადავცემთ: რომ ჩვენ სერიოზულად არ ვუდგებით თავისუფლების და დემოკრატიის დაცვას... ეს უბრალოდ გააძლიერებს ვლადიმირ პუტინს, შეუქმნის მას შთაბეჭდილებას, რომ ის უკრაინაზე და ჩვენზე ძლიერია“.

„ასე არ მოხდება“, - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს ასე არ იქნება“.

XS
SM
MD
LG