5 ნოემბრის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერს სიტყვით მიმართა. ამერიკელმა ხალხმა ხმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას მისცა, ადამიანის, რომელიც ბაიდენმა 4 წლით ადრე, 2020-ში დაამარცხა.
“200 წელზე მეტია, ამერიკა მსოფლიო ისტორიაში თვითმმართველობის უდიდეს ექსპერიმენტს ატარებს. ეს გადაჭარბება არ გახლავთ, ეს ფაქტია… ჩვენ, ხალხმა მივეცით ხმა და ავირჩიეთ ჩვენი ლიდერები. ეს მშვიდობიანად მოხდა. ასე მუშაობს დემოკრატია, ეს არის ხალხის ნება, რომელიც უზენაესია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გამოსვლაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან დაურეკა ახლადარჩეულ პრეზიდენტ ტრამპს და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა:
“მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს და გამარჯვება მივულოცე. დავარწმუნე იმაში, რომ ჩემს ადმინისტრაციას დავავალე, იმუშაონ მის გუნდთან ერთად, რათა ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანად და წესების მიხედვით მოხდეს. ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს”.
ტრამპთან რთული ბრძოლაში დაპირისპირებისას ნაწვნევი დამარცხების ფონზე, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და მას თეთრი სახლისთვის ბრძოლაში შემართება შეუქო.
”ძლიერი ხერხემლით და დიდი, ნამდვილი ხასიათით ამ ბრძოლაში მთელი გული და სული ჩადო, და მცდელობა არ დააკლო კამპანიას. მთელი მისი გუნდი უნდა ამაყობდეს იმ კამპანიით, რომელიც მათ აწარმოეს”,- განაცხადა ბაიდენმა.
მათ, ვინც ხმა ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს მისცა, პრეზიდენტმა მოუწოდა, “შეინარჩუნონ ჩართულობა” და “არ დაკარგონ რწმენა”. ბაიდენის თქმით, პოლიტიკური საარჩევნო კამპანიები ერთგვარ “კონკურენტულ ხედვათა შეჯიბრს” წარმოადგენს.
“ქვეყანა ირჩევს ერთს ან მეორეს. ჩვენთვის მისაღებია ქვეყნის მიერ გაკეთებული არჩევანი. არაერთხელ მითქვამს, რომ ქვეყანა მხოლოდ გამარჯვების დროს არ უნდა გიყვარდეს, შეუძლებელია მოყვასის სიყვარული მხოლოდ მაშინ, როცა მას ეთანხმები. ვიმედოვნებ, ჩვენ ამას შევძლებთ. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვის მიეცით ხმა, ჩვენ ერთმანეთს არა როგორც მოწინააღმდეგეებს, არამედ როგორც ამერიკელებს ვუყურებთ. დაუწიეთ დუღილის ტემპერატურას”, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა:
“მე შევასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას… მე დავიცავ ჩემ მიერ დადებულ ფიცს და პატივს ვცემ კონსტიტუციას. 20 იანვარს ჩვენ გვექნება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა აქ, ამერიკაში”.