Accessibility links

Breaking News

ბაიდენი ალიანსების მშენებლობაზე


ნატოს სამიტზე ჩასული აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს. ვილნიუსი, ლიეტუვა. 12 ივლისი, 2023 წ.
ნატოს სამიტზე ჩასული აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს. ვილნიუსი, ლიეტუვა. 12 ივლისი, 2023 წ.

ლიეტუვაში ახლახან გამართულ ნატოს სამიტზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ალიანსის წევრებს მოუწოდა: „კვლავაც გავერთიანდეთ იგივე ერთიანი სულით, სიმტკიცით, საერთო მიზანსწრაფვით, რაც რუსეთის აგრესიაზე პასუხში უკვე ვაჩვენეთ, და შემოვიერთოთ კიდევ უფრო მეტი პარტნიორი იმ სამყაროს მშენებლობის საქმეში, რომელში ცხოვრებაც ჩვენ ყველას გვსურს“.

ბაიდენის თქმით, მათ ახლა არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

არჩევანი - იმ სამყაროს, რომელიც ეფუძნება დაპყრობას და ექსპლუატაციას, სადაც ძლიერი მართალია, და იმ სამყაროს შორის, სადაც ვაღიარებთ, რომ ჩვენი წარმატება სხვების წარმატებას ეფუძნება“ - აღნიშნავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

ამერიკის ლიდერის განცხადებით, ის ახლა ალიანსების განახლებაზეა ფოკუსირებული.

ბოლო წლებში ჩვენ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა ახალ სიმაღლეებზე ავიყვანეთ. ამასთან, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ევროპას და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობა გლობალური სტაბილურობის ღუზას წარმოადგენს. უსაფუძვლოა ის იდეა, თითქოს შეერთებული შტატების აყვავება უსაფრთხო ევროპის გარეშეც შესაძლებელია“ - აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.

ამასთან ერთად, ვაშინგტონმა გააღრმავა ალიანსი ინდოეთ-წყნარი ოკეანის მიმართულებით, კერძოდ - იაპონიასთან, კორეის რესპუბლიკასთან, ავსტრალიასთან და ფილიპინებთან.

პრეზიდენტის განცხადებით, ოთხმხრივი პარტნიორობის გზით, რომელიც მოიცავს ავსტრალიას, ინდოეთს, იაპონიას და შეერთებულ შტატებს, „ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, თავს ვუყრით რეგიონის დემოკრატიულ ქვეყნებს, რათა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი იყოს თავისუფალი და ღია, აყვავებული და უსაფრთხო“.

„კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის გაძლიერების და დაცვის მიზნით“, ის პარტნიორებს და მოკავშირეებს უფრო ფართო კოალიციების მშენებლობისკენ მოუწოდებს:

უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ ის წესები და თავისუფლებები, რომლებიც ხელს უწყობდა იდეების და ვაჭრობის თავისუფალ დინებას, და რომლებიც ათწლეულების მანძილზე გლობალურ ზრდას უზრუნველყოფდა. დიახ, არამარტო ტერიტორიული ხელშეუხებლობა და სუვერენიტეტი [უნდა დავიცვათ], არამედ ისეთი პრინციპები, როგორიცაა ნავიგაციის და ფრენების თავისუფლება, საერთო ზღვების და ცების გახსნილობა, რათა საერთო გლობალურ სივრცეზე წვდომა ყოველ ერს თანაბრად გააჩნდეს“.

ახლა ჩვენ „გადამწყვეტი მომენტის“ წინაშე ვდგავართ, ამბობს ამერიკის პრეზიდენტი, „როცა ის არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ, ჩამოაყალიბებს სამყაროს განვითარების ფორმას და მიმართულებას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“.

პრეზიდენტ ბაიდენის ღრმა რწმენით, როცა ერები ერთობლივად მუშაობენ საერთო მიზნის გარშემო, სავსებით შესაძლებელია ის, რომ „საზიარო ხედვა და თავისუფლებები, რომლებზეც ჩვენ ვზრუნავთ, ლიტონ სიტყვებად არ დარჩება ამ რთულ დროში, არამედ იქნება გზამკვლევი“ იმ სამყაროსკენ, რომლის შექმნასაც ჩვენ ერთად ვესწრაფვით.

XS
SM
MD
LG