Accessibility links

Breaking News

ტერორისტული აქტებისთვის ჰუთებზე ანგარიშვალდებულების დაკისრების კიდევ ერთი გზა


შეერთებულმა შტატებმა „ანსარალა“, რომელიც ჩვეულებრივ ჰუთების სახელითაა ცნობილი, საგანგებო სტატუსის ტერორისტულ ჯგუფად გამოაცხადა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების ეს სტატუსი ძალაში 16 თებერვალს შევა.

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა: „ეს ნაბიჯი გადავდგით, რადგან ჰუთებმა წითელ ზღვაში და ადენის ყურეში მოძრავ გემებზე უპასუხისმგებლო და განურჩეველი თავდასხმები გააგრძელეს“.

მისი თქმით, „ეს თავდასხმები ტერორიზმის ნათელი მაგალითებია, საერთაშორისო კანონის დარღვევას წარმოადგენს და უდანაშაულო სიცოცხლეთა და გლობალური ვაჭრობისთვის დიდ საფრთხეს ქმნის:

"საგანგებო სტატუსის ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადება შეერთებულ შტატებს აძლევს საშუალებას ჰუთების ტერორისტული დაფინანსება შეაფერხოს, კიდევ უფრო შეუზღუდოს მათ ფინანსურ ბაზრებზე წვდომა და საერთაშორისო საზღვაო ხომალდებზე უმაგალითო თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა დააკისროს. ჰუთების თავდასხმები საფრთხეს უქმნის ამერიკულ სამხედრო პერსონალს და სამოქალაქო მეზღვაურებს, ემუქრება გლობალურ ვაჭრობას და ნავიგაციის თავისუფლებას.

ერვნული უშიშროების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ტერორისტულ ჯგუფად ჰუთები გამოცხადდნენ და არა იემენელი ხალხი.

"შეერთებული შტატები იემენისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაში მსოფლიოს ლიდერად რჩება. ჩვენ გვესმის, რომ იემენში 15 მილიონზე მეტ ადამიანს სასოწარკვეთამდე სჭირდება საკვები, წყალი და წამლები და ჩვენ ვდგამთ ნაბიჯების წყებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ სანქციებმა დახმარების ორგანიზაციებს შეუნარჩუნოს მათთვის ამდენად საჭირო მარაგების მიწოდების უნარი“.

კირბიმ იქვე მიუთითა, რომ 17 იანვარს, ტერორისტული ჯგუფის საგანგებო სტატუსი, მისი გამოცხადებიდან 30 დღის გასვლამდე ძალაში არ შევა. მან თქვა, რომ შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს დახმარების ორგანიზაციებთან, რათა ყველა კითხვას პასუხი გასცეს და უზრუნველჰყოს ის, რომ მათ ჰქონდეთ „გარკვეული გარანტიები, მაშინ როდესაც ჰუმანიტარული დახმარება გრძელდება".

„ახლა, თუ ჰუთები თავდასხმებს შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტატუსის გადახედვა შეგვიძლია“, აღნიშნა კირბიმ. „თუ ისინი ამას არ იზამენ, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ არ მოვერიდებით შემდგომ მოქმედებებს, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი დინება“.

შეერთებული შტატები ეროვნული ძალაუფლების ყველა დონეს იყენებს - დიპლომატიას, ინფორმაციას, სამხედრო მოქმედებებს და ეკონომიკურ წნეხს, „რათა შეძლოს ჰუთების დარწმუნება ამ თავდასხმების შეჩერებაში“, განაცხადა კირბიმ. "თუკი ისინი ასე არ მოიქცევიან და მათ ეს ნამდვილად არ გააკეთეს, მათვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა უზრუნველვყოთ“.

XS
SM
MD
LG