შეერთებული შტატები „ღრმად არის შეშფოთებული აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წევრთა უწყვეტად დაპატიმრებით“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა.
მან ეს კომენტარი ვაშინგტონში გამართულ პრესბრიფინგზე გააკეთა, როდესაც მას კითხვა დაუსვეს ცნობილი აზერბაიჯანელი ეკონომიკის ანალიტიკოსისა და ჟურნალისტის, ფარიდ მეჰრალიზადეს დაპატიმრების თაობაზე.
პოლიციამ მეჰრალიზადე 31 მაისს, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული გამოცემა „აბზასმედიის“ წინააღმდეგ, მთავრობის ყალბ საქმესთან დაკავშირებით დააკავა. გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ხელისუფლებამ „აბზასმედიის“ ექვსი ჟურნალისტი დააკავა. სხვა ჟურნალისტებიც არიან აყვანილი, მათ შორის - რამდენიმე ონლაინ სატელევიზიო არხ „ტოპლუმიდან“, ამ წლის დასაწყისში განახლებული რეპრესიების კამპანიის ფარგლებში, რომლის სამიზნეც აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ხმებია, - განსაკუთრებით ისინი, ვინც მთავრობაში კორუფციას ამხელს.
საყურადღებოა, რომ როგორც „აბზასმედია“, რომელიც ახლა აზერბაიჯანის გარეთ მუშაობს, ისე დაკავებული ფარიდ მეჰრალიზადეც ამბობენ, რომ ის არ იყო „აბზასმედიის“ თანამშრომელი. არამედ, ფარიდი გახლდათ ერთ-ერთი იმ ასობით ექსპერტიდან, რომლებსაც მედიასაშუალება დაუკავშირდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების უახლეს ანგარიშში, აზერბაიჯანში „ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებს“ შორის, ჩამოთვლილია „გამოხატვის თავისუფლებისა და პრესის თავისუფლების სერიოზული დევნის ფაქტები. მათ შორის სახელდება: ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა, ჟურნალისტების გაუმართლებელი დაპატიმრება ან სამართლებრივი დევნა და გამოხატვის შესაზღუდად, დანაშაულებრივი ცილისწამების კანონების გამოყენება“.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა პრესბრიფინგზე ასევე თქვა: „ისინი, ვინც საკუთარი ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობენ, მათ შორის - გამოხატვის თავისუფლებით, ამის გამო დაპატიმრების საფრთხის წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ დაჟინებით მოთხოვნას“, რომ ბაქომ დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც უსამართლოდ არის დაკავებული და პატივი სცეს ყველა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.