როგორც შერთეებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ განაცხადა, ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. მაგრამ, ბოლო კვირების განმავლობაში აზერბაიჯანში უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტის დაკავება აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამას არ ეთანხმებიან.
ნოემბერში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული მედიასაშუალების - „აბზას მედიის“ - ხელმძღვანელების დაკავებიდან მოყოლებული, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთავრობის კრიტიკული ხმების ჩახშობის ძალისხმევა გააძლიერა.
თავდაპირველად, გასული წლის ნოემბერში „აბზას მედიის“ დირექტორი ულვი ჰასანლი დააპატიმრეს. ცოტა ხანში კი მისი მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი; დირექტორის მოადგილე მაჰამად კეკალოვი და ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა. ის, რაშიც მათ ადანაშაულებენ, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ყალბი, პოლიტიკურად მორივირებული დანაშაულებია, რადგან „აბზას მედიის“ საგამოძიებო მასალები მაღალი რანგის სამთავრობო კორუფცის შეეხებოდა. ყველა მათგანი ხანგრძლივ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ცოტა ხნის წინ, ასევე დააკავეს დამოუკიდებელი ონლაინ ტელევიზიის „კანალ 13“-ის დამფუძნებელი აზიზ ორუჯოვი და ამავე არხის წამყვანი რუფატ მურადლი.
მთავრობის რეპრესიების მსხვერპლი მხოლოდ ჟურნალისტები არ არიან. ივლისში დააკავეს გუბად იბადოღლუ, ეკონომისტი და ოპოზიციური „აზერბაიჯანის დემოკრატიისა და კეთილდღეობის პარტიის“ თავმჯდომარე. ასევე, ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერი და მთავრობის კრიტიკოსი ტოფიგ იაგუბლუ, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში დააკავეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე თქვა, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციონერების დაკავების ბოლოდროინდელი ტენდენცია „ღრმად შემაშფოთებელია“.
„გასულ თვეში ათზე მეტი ასეთი ფიგურა დააკავეს. ეს მიუღებელია“, - განაცხადა მან. „ჩვენ განვაგრძობთ აზერბაიჯანის მთავრობისთვის მოწოდებას, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და საყოველთო ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის მათიც, ვინც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებით სარგებლობს. ასევე, მოვუწოდებთ ყველა იმ პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ვინც უსამართლოდაა დაკავებული“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.