ტერმინი „დემოკრატიული დაღმასვლა“ ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიას, რაც დემოკრატიულად არჩეული ლიდერების ორკესტრირებით ხდება და სახელმწიფოს პოლიტიკური ინსტიტუტების დეგრადაციას წარმოადგენს. პროცესი, რომელიც ავტოკრატიზაციის სახელითაც არის ცნობილი, ცივი ომის შემდგომ პერიოდში დაიწყო და მას შემდეგაც იჩენს თავს. „სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა დოკუმენტურად აღწერეს ზედიზედ 15 წლის მანძილზე მომხდარი გლობალური დემოკრატიული უკუსვლა“ - თქვა სატელეფონო პრესკონფერენციაზე უზრა ზეიამ. ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეა სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში. „და მაინც, რას ნიშნავს რეალურად დემოკრატიული რეცესია“?
უზრა ზეიას განმარტებით, „პირველი: ეს ნიშნავს იმას, რომ ავტოკრატიული წესრიგი ხელს უშლის არჩევნებს, რომელმაც ხალხის ნება უნდა გამოხატოს; ძირს უთხრის საკანონმდებლო და სასამართლო დამოუკიდებლობას; არღვევს საკუთარი ხალხის ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მეორე: კორუმპირებული აქტორები უკანონოდ ზღუდავენ ინფორმაციაზე წვდომას; იყენებენ საჯარო ფინანსურ სახსრებს, რათა მოარყიონ საზოგადოების რწმენა იმაში, რომ დემოკრატიულ მმართველობას უკეთესი მომავლის აშენება შეუძლია. და ბოლოს: ამერიკის შეერთებული შტატების მსგავს მტკიცე დემოკრატიული ფუნდამენტის მქონე ქვეყნებსაც კი, უწევთ ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა პოლიტიკური პოლარიზაცია, დეზინფორმაციის გავრცელება, დისკრიმინაცია და რასობრივი უსამართლობა“.
„ამის მიუხედავად, ჩვენ ვიცით, რომ ის საზოგადოებები, რომლებიც პატივს სცემენ და იცავენ ადამიანის უფლებებს, ვისთვისაც კანონი უზენაესია და სადაც მხარს უჭერენ ინკლუზიურ, პასუხისმგებლიან მმართველობას, ყველაზე უკეთ არიან შეიარაღებულები, რათა ყველაზე რთული პრობლემების შემთხვევაშიც კი, მტკიცე გამოსავალი გამონახონ“ - განაცხადა მან.
უზრა ზეიამ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გამონათქვამი მოიშველია: „პასუხისმგებლობის მქონე ერებისთვის ადამიანის უფლებების დეტალური ანალიზი დამაკნინებელი არ უნდა იყოს. პირიქით, ისინი გაითავისებენ მას, შემდგომი განვითარების მიზნით“. სწორედ ამიტომაა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მიმდინარე მონიტორინგი, შეუფასებელი რამ.
„სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიულ ქვეყნებში მეთვალყურის და ადვოკატის გადამწყვეტი როლის შემსრულებლად გვევლინება“, აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.
უბრა ზეიას თქმით, „აქტივისტები, ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დანარჩენი წევრები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანნი არიან გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და გულისხმიერი მართვის საქმეში. სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობა კრიტიკულია [დემოკრატიის] სამიტის მიზნების მიღწევის გზაზე, როცა ჩვენ ადგილობრივ ლიდერებს და ექსპერტებს დახმარებისთვის მივმართავთ, რათა მთავრობათა დანაპირები მოქალაქეებზე დადებითად აისახოს“.
დემოკრატიული დაღმასვლა „უზარმაზარ გამოწვევას წარმოადგენს გლობალური სტაბილურობის და კეთილდღეობისთვის. მისი მიღწევა და ამ უკუსვლის უკეთესობისკენ შეცვლა, მხოლოდ საერთო ფასეულობების მქონე დემოკრატიული ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობით არის შესაძლებელი“ - აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.
სწორედ ამ მიზნით მიიწვია შეერთებულმა შტატებმა თანამოაზრე მეგობრები და მოკავშირეები დემოკრატიის სამიტზე, რათა შეიცვალოს დემოკრატიული დაღმასვლის კურსი და ერთობლივი ძალებით მოხდეს ავტორიტარიზმისგან თავდაცვა, კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების პატივისცემის დაწინაურება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. დემოკრატიის სამიტი ამ გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია.