ათ წელზე მეტია, შეერთებული შტატები გამოუცხადებელ საინფორმაციო ომში იმყოფება ავტორიტარულ მთავრობებთან, თქვა ჯეიმს რუბინმა. ის საგანგებო დესპანი და კოორდინატორია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრში.
დეპარტამენტის ბოლო ანგარიში „როგორ ცდილობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გლობალური საინფორმაციო გარემოს შეცვლას“, ააშკარავებს იმ ტექნიკასა და ტაქტიკას, რომელსაც ჩინეთი ამ ომში იყენებს.
გლობალური საინფორმაციო სივრცის დამახინჯებისას, პეკინი სიცრუისა და იძულების მეთოდთა ხუთ ძირითად კატეგორიას იყენებს, აღნიშნა ჯეიმს რუბინმა. მისი თქმით, ესენია:
“პროპაგანდისა და ცენზურის ბერკეტები; ციფრული ავტორიტარიზმის წახალისება; საერთაშორისო ორგანიზაციათა და ორმხრივ ურთიერთობათა გამოყენება; ინდივიდუალური აქტორებით ახალი ჯგუფების შექმნა და მათში ისეთი პირების ჩართვა, რომლებიც ოფიციალური პეკინისგან განსხვავებულ, ან მათ საპირისპირო აზრს გამოხატავენ და ბოლოს, ჩინურენოვანი მედიის კონტროლი”.
რუბინი ასევე აღნიშნავს, რომ როცა საქმე ეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, რუსეთისა და ირანის მთავრობებს, მათ ავტორიტარულ რეჟიმებთან, ამ მიმართულებით “ფუნდამენტური ასიმეტრია” შეინიშნება:
“ასიმეტრიაა, როცა მათ ოპერირებისა და მანიპულირებისას, სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული, შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი საშუალება მსოფლიოს საინფორმაციო სივრცეში. ეს ასიმეტრია სულ უნდა გვახსოვდეს, როცა ამ საკითხზე ვფიქრობთ და როცა ადგილი აქვს ნებისმიერ მცდელობას, გაავლონ ყალბი პარალელი იმასთან, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს”.
ამის საპირისპიროდ, შეერთებული შტატები „თანხებს თავისუფალი საინფორმაციო სივრცის აშენებაზე ხარჯავს, ჟურნალისტების მომზადებაზე, ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნაზე, სადაც ჟურნალისტებს შეუძლიათ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დესპანმა.
მისი თქმით, “ეს ძლიერ განსხვავდება სივრცეში დომინირების მცდელობისგან, რასაც ისინი აკეთებენ განსხვავებული აზრის ჩახშობით, რომელიც მათ არ მოსწონთ და მისი ყალბი, გამოგონილი ამბებით ჩანაცვლებით, რომელიც მათ აწყობთ”.
რუბინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფლების ხელშეწყობა, წახალისება და „არ უნდა მოხდეს იმ შეხედულებათა ცენზურა, რომელიც არ მოგვწონს; ამავდროულად, უნდა მოხდეს ფაქტების იდენტიფიკაცია, როცა ჩინეთი, რუსეთი, ირანი და სხვები ცდილობენ საინფორმაციო სივრცის მანიპულირებას, მისი ყალბი ნარატივებით შევსებას, საინფორმაციო ბაზრის დატბორვას ექოს ტიპის პლატფორმების საშუალებით“.
და სწორედ ”ეს არის განსხვავება იმასთან, რის გაკეთებასაც ისინი ცდილობენ და რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ“, - აღნიშნა რუბინმა დასასრულს. „ჩვენ ვცდილობთ „ისეთი საინფორმაციო სივრცის აშენებას, რომელშიც ჩვენს განსხვავებულ აზრებს მიესალმებიან“.