გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შედეგად, კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა და ის დღითიდღე უარესდება. ”ვარაუდობენ, რომ მაისის ბოლოსთვის, ღაზაში მილიონზე მეტი ადამიანი საკვების უსაფრთხოების მხრივ კატასტროფულ დონეზე იქნება, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში კი შიმშილი გარდაუვალია”, - განაცხადა ტორ ვენესლენდმა, გაეროს სპეციალურმა კოორდინატორმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. მისი თქმით, იქ უკვე დაფიქსირდა შიმშილის შედეგად დაღუპვის ფაქტები.
შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მიზნით, - ამბობს რობერტ ვუდი, საგანგებო პოლიტიკურ საქმეებში, შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი გაეროში.
„რეალობა ისაა, რომ ბავშვები შიმშილით იხოცებიან ღაზაში, რადგან ჰუმანიტარული დახმარება მათამდე ვერ აღწევს. ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ არასრულფასოვანი კვების გამო ღაზაში ან ნებისმიერ სხვა ადგილზე. ღაზის მოსახლეობის ასი პროცენტი სურსათის უსაფრთხოების მხრივ, მწვავე დაუცველობის ფაზაშია“, - ამბობს ის.
„მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისთვის საუკეთესო, ყველაზე სწრაფი გზა იქნება, ეს არ არის ერთადერთი გზა“, აღნიშნავს ვუდი.
„ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციას საზღვაო დერეფნის შესაქმნელად და ეს მოიცავს შეერთებული შტატების სამხედრო მისიის მხარდაჭერას, დროებითი პორტის ასაშენებლად, რომელიც დახმარების მიწოდების საქმეში, კიდევ ერთი არხი იქნება. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის ჰაერიდან ჩაწოდებას“.
ვუდის თქმით, ”ეს საზღვაო დერეფანი და საჰაერო ჩაწოდება არის დამატებითი, და არა შემცვლელი გზა იმ აუცილებელ სახმელეთო მიწოდებასთან ერთად, რომელიც საჭიროა ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე, რათა გარდაუვალ შიმშილობაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს“.
გაეროში ამერიკის წარმომადგენლის თქმით, ანერუჯა ასევე აგრძელებს კონსულტაციებს ისრაელის მთავრობასთან და ურჩევს მათ, არ გაზარდონ რაფაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის მასშტაბები. „ეს კიდევ უფრო ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლის რისკებს ქმნის, მეტი ქაოსის გამოწვევას უწყობს ხელს და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხებით, კიდევ უფრო დიდ ზარალს გამოიწვევს“.
„საბოლოოდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მხარს ვუჭერთ გრძელვადიან მშვიდობას და უსაფრთხოებას ისრაელში და ღაზაში“ - აღნიშნავს ვუდი.
როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, „არ შეიძლება, რომ ღაზა ტერორიზმის პლატფორმად იქნას გამოყენებული; არ შეიძლება მოხდეს მისი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება; არ შეიძლება, მისი ტერიტორიის შემცირება ან რეოკუპაცია ისრაელის მიერ. და ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს მოითხოვს ორი სახელმწიფოს გამოსავლისკენ მიმავალ გზამკვლევს, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების რეალურ გარანტიებსაც შეიცავს“.
თუმცა, ვუდის თქმით, „ეს ასევე მოითხოვს რეალურ რეფორმას პალესტინურ ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიხილეთ ამ მიმართულებით გადადგმული რამდენიმე საწყისი ნაბიჯი, გაცილებით მეტია საჭირო. პალესტინელებს უკეთესი, უფრო წარმომადგენლობითი მთავრობა ესაჭიროებათ, სადაც შევლენ ღაზელი პალესტინელებიც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან ერთად, ღაზელი პალესტინელების მონაწილეობით, ერთიანი ღაზის ხედვის შემუშავების საქმისთვის“.