2024 წლის 29 დეკემბერს, ქალაქ პლეინსში, ჯორჯიის შტატში მდებარე საკუთარ სახლში, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯიმი კარტერი - შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი. ერთი წლით ადრე გარდაიცვალა მისი მეუღლე როზალინ კარტერი, რომელთან ერთადაც მან ცხოვრების 77 წელი გაატარა.
პრეზიდენტმა კარტერმა საჯარო სამსახურში კარიერა 1943 წელს დაიწყო. თავიდან ის იუნკერი იყო შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში. მოგვიანებით კარტერმა იმსახურა როგორც ატლანტის, ისე წყნარი ოკეანის ფლოტებში, სანამ ელიტარული ბირთვული წყალქვეშა ნავების პროგრამის წევრად შეარჩევდნენ.
1970 წელს ჯიმი დემოკრატი ჯიმი კარტერი მშობლიური შტატის, ჯორჯიის გუბერნატორად აირჩიეს. მან მალევე მიიღო საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის გადაწყვეტილება და შეერთებული შტატების 1976 წლის არჩევნებში დაამარცხა მოქმედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი. თეთრ სახლში კარტერმა ერთი ვადით იმსახურა, ვიდრე 1980 წელს რესპუბლიკელ კანდიდატ, რონალდ რეიგანთან ხელახალ არჩევნებში დამარცხდებოდა. მარცხი დიდწილად იმან განაპირობა, რომ კარტერმა 14 თვის განმავლობაში ვერ შეძლო ირანელი ისლამისტების მიერ ტყვედ აყვანილი 52 ამერიკელი მძევლის გათავისუფლება.
კარტერის პრეზიდენტობის ხანის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა 1978 წელს, “კემპ-დევიდის აკორდად” წოდებული ხელშეკრულების დადებაა. ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე, კარტერის შუამავლობით ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ომი შეწყდა და ორ ქვეყანას შორის ზავი გაფორმდა. ეგვიპტის პრეზიდენტის, ანვარ სადათისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, მენაჰემ ბეგინის ლიდერობით ახლო აღმოსავლეთში დამყარებულმა მშვიდობამ, ორივე ქვეყნის ლიდერს 1978 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მოუტანა.
კარტერი მხოლოდ 56 წლის იყო, როცა თეთრი სახლის ოვალური ოფისი დატოვა. ამის შემდეგ, მომდევნო ოთხი ათწლეული მან აქტიურ ჰუმანიტარულ საქმიანობას მოახმარა, რისთვისაც საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა. წლების განმავლობაში მეუღლე როზალინთან ერთად, საკუთარი ხელით აშენებდა სახლებს ფინანსურად დაუცველი მოსახლეობისთვის არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციაში Habitat for Humanity. ქრისტიანობისადმი უზომოდ ერთგული და ღრმად მორწმუნე, კარტერი ათწლეულების განმავლობაში საკვირაო რელიგიურ სკოლაში ასწავლიდა მშობლიური პლეინსის ეკლესიაში.
კარტერმა სამშვიდობო მიმართულებით მოღვაწეობა პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგაც გააგრძელა და მთელ მსოფლიოში აღიარება მოიპოვა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის, ასევე - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაწინაურების საქმეში შეტანილი წვლილის გამო. ამას ის უმთავრესად კარტერის ცენტრის მეშვეობით აკეთებდა, რომელიც 1982 წელს მან ყოფილ პირველ ლედისთან ერთად, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტის ბაზაზე დააფუძნა. ცხოვრების მანძილზე მოპოვებული მიღწევებისთვის, კარტერს 2002 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის ისეთ ადგილებში, როგორიცაა ეთიოპია, ერითრეა, ბოსნია და ჰაიტი.
გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯიმი კარტერს ხოტბა შეასხა და თქვა, რომ ის იყო “უდიდესი პიროვნება, გამბედაობით, იმედითა და ოპტიმიზმით სავსე ადამიანი. ის თანაგრძნობითა და მორალური სიცხადით მუშაობდა დაავადებათა აღმოსაფხვრელად, მშვიდობის დასამყარებლად, სამოქალაქო უფლებებისა და ადამიანის უფლებების დასაწინაურებლად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის, უსახლკაროთა დასახლებისთვის და უმცირესობათა გამუდმებული ადვოკატირებისთვის. მან იხსნა, განავითარა და შეცვალა ადამიანთა ცხოვრება მთელ მსოფლიოში”.