ენით გამოუთქმელ საშინელებათა დღე

2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასმა” ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. პარალელურად, „ჰამასის” ასობით ტერორისტმა გადაკვეთა ღაზის საზღვარი და ისრაელში მკვლელობის, გაუპატიურებისა და წამების მიზნით შეიჭრა. იმ დღეს ისრაელში 1 200 ადამიანი სასტიკად მოკლეს, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო; კიდევ 250 მძევლად აიყვანეს და ღაზაში გაიტაცეს. ეს ჰოლოკოსტის შემდეგ, ებრაელი ხალხისთვის ყველაზე მსხვერპლიანი დღე იყო.

„ის, რაც “ჰამასმა” იმ დღეს ჩაიდინა, იყო წმინდა წყლის ბოროტება - ეს იყო სასტიკი და ავადმყოფური რამ“, - თქვა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თავდასხმის ერთი წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში. „და ამან გამოაღვიძა ღრმად დაბუდებული შიში ებრაელ ხალხში, არამარტო ისრაელში, არამედ შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში”.

ცალკე გაკეთებულ განცხადებაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო 7 ოქტომბრის შემზარავი თავდასხმა და მისი „ენით გამოუთქმელი სისასტიკე".

SEE ALSO: ფოკუსი დეესკალაციაზე და ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტაზე ახლო აღმოსავლეთში

„მაშინ მე ვუთხარი ისრაელის ხალხს: თქვენ მარტო არ ხართ. ერთი წლის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და მე ვრჩებით ებრაელი ხალხის უსაფრთხოების, ისრაელის უსაფრთხოებისა და მისი არსებობის უფლების ერთგულები“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი „ჰეზბოლას”, „ჰამასის”, ჰუთების და ირანის თავდასხმებისგან. გასულ კვირას, ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროები კვლავ აქტიურად დაეხმარნენ ისრაელის წარმატებულ თავდაცვას, დაეხმარნენ რა ირანის ბალისტიკური სარაკეტო შეტევის მოგერიებაში”.

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ „7 ოქტომბერი ისტორიაში ასევე შევა, როგორც შავი დღე პალესტინელი ხალხისთვის, იმ კონფლიქტის გამო, რომელიც „ჰამასმა” გააჩაღა. ძალიან ბევრმა მშვიდობიანმა მოქალაქემ გამოიარა დიდი ტანჯვა კონფლიქტის ერთი წლის განმავლობაში - ათობით ათასი დაიღუპა; მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა იმ ტერორისტების გამო, რომლებიც უდანაშაულო ადამიანების ზურგს უკან იმალებოდნენ და მოქმედებდნენ”.

პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები „არ შეაჩერებს მუშაობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მძევლებს სახლში დააბრუნებს, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საშუალებას მოგვცემს ადგილზე ტანჯვის შესამსუბუქებლად, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებასა და ამ ომის დასრულებას. როგორც ისრაელელები, ისე პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხო, ღირსეულ და მშვიდობიან ცხოვრებას. ჩვენ ასევე კვლავაც გვჯერა კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის, ისრაელ-ლიბანის სასაზღვრო რეგიონში და გვწამს, რომ ეს არის ერთადერთი გზა ხანგრძლივი სიმშვიდის აღსადგენად, რაც ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს”.

დასასრულს, პრეზიდენტმა ბაიდენმა განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხსოვნის ამ დღეს “პატივს მივაგებთ ებრაელი ხალხის უდრეკ სულს და ვგლოვობთ 7 ოქტომბრის მსხვერპლს. კურთხეული იყოს მათი ხსოვნა”.