Accessibility links

Breaking News

კიდევ უფრო მეტი მძევლის მოკვლის გამო, „ჰამასმა“ პასუხი უნდა აგოს


ისრაელელ დემონსტრანტს აქციაზე უჭირავს 6 მოკლული მძევლის ფოტო. თელ-ავივი, ისრაელი. 2 სექტემბერი, 2024 წ.
ისრაელელ დემონსტრანტს აქციაზე უჭირავს 6 მოკლული მძევლის ფოტო. თელ-ავივი, ისრაელი. 2 სექტემბერი, 2024 წ.

11-თვიანი ტყვეობის შემდეგ, “ჰამასმა” დარჩენილი მძევლებიდან ექვსი სიცოცხლეს სასტიკად გამოასალმა.

ისინი სიკვდილით დასაჯეს სწორედ მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელზეც ასახელებდნენ იმ პირებს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში უნდა გაეთავისუფლებინათ,- განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შეერთებული შტატების ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა.

„ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს “ჰამასის” მომლაპარაკებელთა გულწრფელობას და კიდევ ერთხელ ამჟღავნებს მახინჯ სიმართლეს იმ საძაგელ, ამორალურ იდეოლოგიაზე, რომლითაც “ჰამასია” წარმოდგენილი. 1200 ადამიანის დახოცვით დაწყებული, სექსუალური ძალადობის საბრძოლო იარაღად გამოყენებამდე, ეს ბოლო რამდენიმე მკვლელობაც ასევე ადასტურებს, რომ “ჰამასი” ტერორისტული ორგანიზაციაა“, - თქვა ლინდა თომას-გრინფილდმა და დასძინა: „ამ საბჭოს არცერთი წევრი არ მოითმენს საკუთარი მოქალაქეების მძევლად აყვანას და მათ მკვლელობას, არცერთი ჩვენგანი. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს “ჰამასის” სისასტიკეს. დიდი, დიდი ხანია ამოიწურა ყველანაირი დრო, რომ ამ საბჭომაც იგივე ნაბიჯი გადადგას”.

“როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გარკვევით თქვა, „ჰამასის” ლიდერები ჩადენილი დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდიან. მათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მათ არ ძალუძთ ღაზის გაკონტროლება”, - განაცხადა გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა.

ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, მათთვის ამავდროულად „ისიც ცნობილია, რომ საუკეთესო გზა დარჩენილი მძევლების გადასარჩენად და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად, გადის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც გაათავისუფლებს მძევლებს და შექმნის პირობებს ღაზაში ადამიანთა სიცოცხლის მხსნელი სამაშველო დახმარების გაზრდისათვის”.

„ისრაელელმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მათ შორის დადებული გარიგებაა ის, რომელიც მათი ლიდერებისთვის მისაღები უნდა იყოს, რადგან ეს იქნება შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას“, - თქვა თომას-გრინფილდმა და დასძინა:

“ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას კატართან და ეგვიპტესთან, რათა ვიპოვოთ სამშვიდობო შეთანხმების დაწინაურების გზა და ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ მიღწეული შეთანხმება ერთხელ და სამუდამოდ, რეალობად იქცეს”.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ყველამ, ვინც მშვიდობის მომხრეა, განაგრძოს ზეწოლა “ჰამასზე”, რათა მან შეწყვიტოს სასტიკი ქმედებები და მიიღოს მაგიდაზე დადებული შეთანხმება, რომელიც ეფუძნება 2735-ე რეზოლუციით დამტკიცებულ, ამ საბჭოს პრინციპებსა და ჩარჩოებს, აღნიშნავს გაეროში შეერთებული შტატების ელჩი.

თუმცა, მისი თქმით, შეუძლებელია “ჰამასის” სიძულვილით სავსე იდეოლოგიის დუმილით დამარცხება. რამალაში და რეგიონის ქვეყნების ლიდერებმა უნდა დაგმონ “ჰამასის” ძალადობრივი ქმედებები და გაზარდონ საზოგადოებრივი ზეწოლა “ჰამასზე”, რათა ის მაგიდაზე დადებულ შეთანხმებას დათანხმდეს”.

ახლა დროა, განვაგრძოთ დარჩენილი მძევლების შინ დაბრუნების პროცესი და დავასრულოთ ეს საშინელი ომი, აცხადებს ლინდა თომას-გრინფილდი.

XS
SM
MD
LG