შეერთებული შტატები ინტენსიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე. კონფლიქტი უკვე 10 თვეა ტრაგიკულად მძვინვარებს მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ისრაელზე თავდასხმა მოაწყო. შედეგად, დაიღუპა 1 200-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა და 240-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. შემდგომ, ისრაელის მიერ ღაზაში “ჰამასის” წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად, ათასობით პალესტინელი დაიღუპა. მომხდარმა ასევე დიდი ტანჯვა და შიმშილი გამოიწვია ადამიანებში, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ სახლ-კარი დაეტოვებინათ.
ბოლო დღეებში, დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა ისრაელსა და რეგიონში ირანის მიერ მხარდაჭერილ მარიონეტებს შორის, მათ შორის “ჰამასს”, “ჰეზბოლას” და ჰუთებს შორის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ბეირუთში - “ჰეზბოლას” მეთაური და თეირანში ჰამასის ლიდერი მოკლა.
პრესკონფერენციაზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამერიკა „მუდმივად კონტაქტში იმყოფება პარტნიორებთან რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“.
ბლინკენის თქმით, ამ საუბრებში ისმის “მკაფიო კონსენსუსი: ამ კონფლიქტის ესკალაცია არავინ არ უნდა მოახდინოს”.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა: “შეერთებული შტატები ჩართული იყო ინტენსიურ დიპლომატიაში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა პირდაპირ მიეწოდებინათ ირანისთვის ეს გზავნილი, რაც ჩვენ უშუალოდ ისრაელს გადავეცით”.
ბლინკენის განცხადებით, „ჩვენი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის დაცვას ტერორისტული ჯგუფების, ან მათი სპონსორების თავდასხმებისგან, ისევე როგორც გავაგრძელებთ ჩვენი ჯარების დაცვას. მაგრამ, რეგიონში ყველამ უნდა გაიგოს, რომ შემდგომი თავდასხმები ყველასთვის მხოლოდ კონფლიქტს, არასტაბილურობას, დაუცველობას გამოიწვევს“. სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს: „ყველამ სასწრაფოდ უნდა შეაფასოს სიტუაცია რეგიონში, გააცნობიეროს არასწორ გათვლათა რისკი და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც დაძაბულობას გაანელებს და არ გაამძაფრებს მას”.
ამის საუკეთესო გზა, ბლინკენის აზრით, ისრაელს და “ჰამასს” შორის ღაზის კონფლიქტთან დაკავშირებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ბოლომდე მიყვანა იქნებოდა. საუბარია სამშვიდობო წინადადებაზე, რომლის მონახაზი ორი თვის წინ, პირველად ისრაელმა წამოაყენა, შემდეგ კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა.
„ეს გახლავთ გადამწყვეტი მომენტი. მოლაპარაკებებმა საბოლოო ეტაპს მიაღწია და მტკიცედ გვწამს, რომ მხარეები ძალიან, ძალიან მალე გადაკვეთენ ფინიშის ხაზს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ეს კი, ბლინკენის თქმით, “გარდა იმისა, რომ ყველაფერს შეცვლის ღაზაში მცხოვრები ხალხისთვის და მძევლებსაც შინ დააბრუნებს, მოგვცემს შესაძლებლობას, ავაშენოთ უფრო მყარი მშვიდობა ღაზაში. ასევე, უფრო ფართო გაგებით, ეს კარს გაუხსნის სხვა შესაძლებლობებს, სხვა პერსპექტივებს, რაც შეეხება დაძაბულობის დეესკალაციას და რეგიონში ნამდვილი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებას. სწორედ ამაზე ვართ ახლა ფოკუსირებულები”.