შეერთებულმა შტატებმა აჩვენა, რომ ის ერთგული რჩება სისტემურ კორუფციასთან და რუსეთის მთავრობის მოლდოვის საარჩევნო კამპანიაში მავნებლურ ჩარევასთან ბრძოლაში, როცა მან სანქციები დაუწესა 9 ინდივიდს და 12 ორგანიზაციას.
სანქცირებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს შორის არიან ოლიგარქები, რომლებიც მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების კონტროლით და მათი კორუმპირებით არიან ცნობილი. ამავე დროს ისინი მოქმედებენ, როგორც რუსეთის ინსტრუმენტები და ცდილობენ მოლდოვის და უკრაინის ჩათვლით, შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეების და პარტნიორების მანიპულირებას.
ეს სანქციები „ამხელს არამარტო მოლდოვაში რუსეთის საიდუმლო სტრატეგიას, არამედ აჩვენებს იმასაც, თუ როგორ უთხრის ძირს კორუფცია კანონის უზენაესობას“ - განაცხადა ბრაიან ნელსონმა, შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის მეორე მოადგილემ ტერორიზმის და ფინანსური დაზვერვის საკითხებში.
უცხოეთის აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), რომელიც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში მოქმედებს, სანქცირებულთა შორის დაასახელა ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, მოლდოვის მთავრობის ყოფილი ოფიციალური პირი, რომელიც კორუფციაშია ჩართული. პლაჰოტნიუკის მიერ მოლდოვაში კანონაღსრულების ოფიციალური პირების მოქრთამვა იყო მისი ხანგრძლივი მცდელობის ნაწილი, გაეკონტროლებინა და კორუფციით მოეცვა მოლდოვის სამართლებრივი და საკანონმდებლო ინსტიტუტები. ის საკუთარ სიმდიდრეს და პოლიტიკურ გავლენას იყენებდა იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტებისთვის და ქვეყანაში კანონის უზენაესობისთვის ძირი გამოეთხარა. კორუფციაში მნიშვნელოვანი ჩართულობის გამო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის იანვარში პლაჰოტნიუკს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციების ნაწილი პლაჰოტნიუკის და მისი უშუალო ოჯახის წევრებისთვის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლის უფლების აკრძალვას ითვალისწინებდა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოეთის აქტივების კონტროლის ოფისმა სანქცირებულთა შორის ასევე დაასახელა „შორის პარტიის“ ლიდერი ილან შორი. მას ეკისრება პასუხისმგებლობა რუსეთის სასარგებლოდ, უცხოეთის მთავრობის საარჩევნო პროცესში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულობაში. ილან შორი 2014 წლის მსხვილმასშტებიანი ფულის გათეთრების სქემის ბენეფიციარია, რომლის სახელიც მოლდოვის ბანკებიდან მილიარდი დოლარის მოპარვის საქმეში ფიგურირებს. ის ასევე თანამშრომლობდა სხვა კორუმპირებულ ოლიგარქებთან და მოსკოვში მოქმედ ორგანიზაციებთან, რათა მოლდოვაში არეულობა გამოეწვია, რაც მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელის შეშლისთვის იყო გამიზნული.
ვაშინგტონი დამატებით სანქცირებულ 7 პირს და 12 ორგანიზაციას, მოლდოვის არჩევნებში კრემლის ჩარევის მცდელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. რუსეთს ჩაფიქრებული ჰქონდა, საკუთარი ინტერესების დასაწინაურებლად და კრემლის მომხრე პოლიტიკური აქტივობის მხარდასაჭერად, მოლდოვაში უკანონო დაფინანსება გამოეყენებინა, მათ შორის - ქრთამების გასაცემად და ელექტორალური გაყალბებებისთვის. ბრაიან ნელსონი, შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის მეორე მოადგილე ამბობს, რომ „გავლენის ოპერაციებით, რუსეთი ცდილობს დაასუსტოს სამიზნე სახელმწიფოები, რათა ქვეყნის შიგნიდან მათი დესტაბილიზაცია მოხდეს“.
სანქცირებულთა სია მორიგი დადასტურებაა იმის, რომ შეერთებული შტატები ერთგულია კორუფციის პრობლემასთან ბრძოლის და მას პირველ რიგში, ეროვნული უსაფრთხოების რისკად მიიჩნევს. ვაშინგტონი ასევე ერთგული რჩება იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენების წახალისების, ვინც მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. შეერთებული შტატები გააგრძელებს საფასურის დაწესებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას უცხოეთში.