რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფის პრობლემა

უკრაინელი ინსტრუქტორი მშვიდობიან მოქალაქეებს თავდაცვისთვის ამზადებს

უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ ორკესტრირებული კრიზისი ერთ რამეს ნათელს ხდის: “თავისი შინაარსით, ეს რუსეთისთვის ცივი ომის შემდგომი მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიუღებლობაა“, თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ გერმანიაში, ბერლინში სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთი კვლავ და კვლავ არღვევდა თავის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, პრინციპებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში მშვიდობა შეინარჩუნა.

„ის პრინციპები“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, „უარყოფს ერთი ქვეყნის უფლებას, მეორე ქვეყანას საზღვრები ძალისმიერად შეუცვალოს; უკარნახოს სხვას, თუ როგორი პოლიტიკა გაატაროს ან როგორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის - ვისთან გაერთიანდეს; ან განავრცოს გავლენის სფერო, რომელსაც სუვერენული მეზობლების მისი ნებისადმი დამორჩილება შეეძლება.“

რუსეთისთვის ამ პრინციპების დაუსჯელად დარღვევის უფლების მიცემა, ყველას გადაგვწევს უკან, ბევრად უფრო საშიშ და არასტაბილურ დროში, როდესაც ეს კონტინენტი და ეს ქალაქი ორად იყო გაყოფილი და როცა მათ ერთმანეთისგან ჯარისკაცებით პატრულირებული, ნეიტრალური ზონები აშორებდა, როდესაც ყველას თავზე სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე დასტრიალებდა“.

რუსეთმა ხელი მოაწერა 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტს, რომელმაც დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის უზრუნველმყოფელი 10 გზამკვლევი პრინციპი ჩამოაყალიბა. რუსეთმა ყველა ის პრინციპი დაარღვია.

SEE ALSO: ამერიკა იღებს ზომებს რუსეთის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაციის აღსაკვეთად

რუსეთი ანგარიშვალდებულია ვენის დოკუმენტის მიმართ, რომელიც პოლიტიკურად სავალდებულო შეთანხმებაა და გამიზნულია იმისთვის, რომ სამხედრო აქტიურობის, მათ შორის სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა გაზარდოს. რუსეთი ამ პირობებს შერჩევით მიჰყვება.

ბუდაპეშტის მემორანდუმზე ხელმოწერით, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ვალდებულება იკისრეს „პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და უკრაინის არსებულ საზღვრებს, თავი შეიკავონ ქვეყნის წინააღმდეგ მუქარის ან ძალის გამოყენებისგან“. სრულიად აშკარაა, რომ რუსეთმა ამ შეთანხმების იგნორირება არჩია.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და მის ოკუპაციას მოახდენს, მერა რა მოხდება?“ სვამს კითხვას სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენის თქმით, „გაძლიერდება რუსეთის ძალისხმევა, თავისი მეზობლები მარიონეტულ სახელმწიფოებად აქციოს, მართოს მათი საქმიანობა, ჩაახშოს დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერი ნაპერწკალი. სუვერენიტეტის და თვითგამორკვევის პრინციპების გაუქმებასთან ერთად, დავბრუნდებით ისეთ მსოფლიოში, სადაც ის წესები, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში ერთად ვაყალიბებდით, გამოიფიტება და გაქრება.“

„ერთი ქვეყანა გამუდმებით არღვევდა საკუთარ ვალდებულებებს და იგნორირებას უწევდა იმ წესებს, რომელსაც დაეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ სხვები გულმოდგინედ მუშაობდნენ, რათა ის ყოველ ნაბიჯზე დაეცვათ. ის ქვეყანა რუსეთია“, თქვა ენტონი ბლინკენმა. ეს „უფრო დიდია, ვიდრე ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი. ეს რუსეთსა და ნატოზე უფრო დიდია. ეს არის გლობალური შედეგების მქონე კრიზისი და მას გლობალური ყურადღება და მოქმედება სჭირდება“.