“უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეერთებული შტატები თანმიმდევრულად ემხრობოდა იმ ორ მიმართულებას, რომელიც რუსეთს შეეძლო აერჩია”, - აღნიშნავს კარენ დონფრიდი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
დონფრიდის განმარტებით, მათ შორის „ერთი [გზა] იყო დიალოგი და დიპლომატია, მეორე კი გახლდათ რუსეთის მხრიდან ესკალაცია და ის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ამას თან მოჰყვებოდა. ჩვენ და უკრაინელები გულწრფელად შევეცადეთ, რომ დიალოგის და დიპლომატიის მიმართულება აგვერჩია. გასული წლის 24 თებერვალს პუტინმა სამწუხაროდ და ტრაგიკულად, ომი არჩია“.
„პუტინი სწრაფ გამარჯვებას ელოდა“, - აღნიშნავს დონფრიდი, „მაგრამ ის გამუდმებით არასაკმარისად აფასებდა უკრაინელი ხალხის სიმტკიცეს, მის სურვილს და შესაძლებლობას, დაეცვა საკუთარი თავისუფლება და დემოკრატია“. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა სრულიად გაუმართლებელი და უკანონო ქმედება იყო.
SEE ALSO: შეერთებული შტატები ზრდის „ვაგნერის ჯგუფის“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსშეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთს დაუწესეს სანქციები, ექსპორტის კონტროლი, შეუზღუდეს სამოგზაურო ვიზები. სანქციების ეპიცენტრში რუსეთის მთავრობა, კრემლის ომის მანქანა და მათი ხელშემწყობები იყვნენ. “სანქციებს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: შეეჩერებინა ეს ომი და შეეჩერებინა რუსეთი, რომ იგივე ქმედება სხვა მეზობლების წინააღმდეგაც არ განეხორციელებინა”, - აცხადებს კარენ დონფრიდი.
„მისი ქმედებებიდან აშკარა ხდება, რომ პრეზიდენტ პუტინს დიპლომატია არ აინტერესებს. რუსეთის განმეორებითი იერიშების შედეგად, ფეთქდება სკოლები, საავადმყოფოები, ეკლესიები, საცხოვრებელი კორპუსები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ამ ომის დასრულება დღეს მხოლოდ რუსეთს შეუძლია. ჩვენ ვუერთდებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ, ისეთი მშვიდობის, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას აღიარებს“.
შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინასთან ერთად დგომას და დაეხმარება მას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. პუტინის გამარჯვების შემთხვევაში, ეს მსოფლიოს გაცილებით სახიფათოდ აქცევს, სხვა ქვეყნებს კი რუსეთის აგრესიისადმი გაცილებით მყიფე მდგომარეობაში ჩააყენებს.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა, რომ შეერთებული შტატების და მის მოკავშირეთა ძალა ერთობაშია. დონფრიდის თქმით, „უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსეთის აგრესიის ომის პირველივე დღეებიდან მოყოლებული, ჩვენ გამუდმებით კონტაქტში ვართ და ვზრუნავთ იმაზე, რა შეიძლება ერთად ვიღონოთ იმისთვის, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ და ამ სასტიკი ომის გამო მან საპასუხო შედეგები იწვნიოს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიზიარებთ ერთმანეთის პოლიტიკურ მიდგომებს, ორივეს გვაერთიანებს კანონებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვისადმი ერთგულება და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემა“.