აშკარა არჩევანი რუსეთისთვის

უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის რეგიონში

შეერთებული შტატები აგრძელებს „უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას და რუსეთის შემდგომ აგრესიაზე სწრაფი და ერთიანი რეაგირების მზადებას“, თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის მასიური თავმოყრის შედეგად შექმნილი დაძაბულობის შემცირების მიზნით, 26 იანვარს, რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმა ჯო სალივანმა რუსეთის ხელისუფლებას გადასცა წერილობითი პასუხი, რომელიც რუსეთის მხრიდან ნატოს მიმართ წარდგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს ეხება. „ის საკითხის გადაწყვეტის სერიოზულ დიპლომატიურ გზას სთავაზობს, თუ რუსეთი მას აირჩევს“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მომდევნო პრესკონფერენციაზე.

SEE ALSO: რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფის პრობლემა

„ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტი შეიცავს შეერთებული შტატების და ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის უსაფრთხოებას; რუსეთის მიერ წამოჭრილი საკითხების პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას და ჩვენს შეთავაზებებს იმ სფეროებში, სადაც საერთო პოზიციის მოძებნაა შესაძლებელი“.

თუმცა, ბლინკენმა გააჟღერა გაფრთხილებაც, რომ თუ რუსეთი აგრესიას აირჩევს, ის „მასშტაბური შედეგების“ წინაშე აღმოჩნდება.

უკრაინასთან და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, შეერთებული შტატები აგრძელებს „უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას და რუსეთის შემდგომ აგრესიაზე სწრაფი და ერთიანი რეაგირების მზადებას“, თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, „ამ კვირაში, კიევში ამერიკული თავდაცვითი სამხედრო დახმარების სამი ტვირთი ჩავიდა, რომლებშიც დამატებითი „ჯაველინის“ ტიპის რაკეტები და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები, 283 ტონა ტყვია-წამალი და არასაბრძოლო აღჭურვილობა შედიოდა, რაც უკრაინის წინა ხაზის დამცველებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. შემდგომ დღეებში დამატებითი მიწოდებებია მოსალოდნელი. გასულ წელს უკრაინას უფრო მეტი თავდაცვითი დახმარება გავუწიეთ, ვიდრე ნებისმიერ წინა წელს“.

SEE ALSO: მშვიდობის არჩევანი რუსეთის ინტერესებშია

ამასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებს ნება დართო, საკუთარი მარაგებიდან უკრაინას ამერიკული წარმოების სამხედრო აღჭურვილობა გადასცენ. ვაშინგტონი უკრაინისთვის რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენის მიწოდებასაც გეგმავს. შეერთებული შტატების 8 500 სამხედრო მოსამსახურე მზად არის ნატოს რეაგირების ძალების მხარდასაჭერად, თუ მათი ამოქმედება მოხდება. „ვაგრძელებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციას მძიმე ეკონომკურ სანქციებზე, რათა მოსკოვს მის ქმედებებზე პასუხი ვაგებინოთ“, თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

ამერიკა მზად არის რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების მეორადი შედეგების ეფექტების შესარბილებლად, მათ შორის უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად და ბუნებრივი გაზის ალტერნატიული მომარაგების მოსაძებნად, თუ რუსეთი ევროპის მომარაგებას შეწყვეტს.

ბლინკენის თქმით, „გასულ კვირაში ჩვენმა ქმედებებმა, რუსეთის წინაშე მდგარი არჩევანი შეამცირა. ჩვენ წარმოვადგინეთ დიპლომატიური მიმართულება. ჩვენ დავანახეთ ძვირი შედეგები, შემდგომი აგრესიის არჩევის შემთხვევაში. უკრაინის უსაფრთხოების და ეკონომიკისთვის მეტი მხარდაჭერა შევთავაზეთ. ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს საყოველთაო ერთიანობა გვაქვს.“

„რუსეთის არჩევანია, თუ როგორ პასუხს გაგვცემს,“ თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. „ჩვენ ნებისმიერი პასუხისთვის მზად ვართ.“