ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, „ალიანსმა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ყველაზე საგულისხმოდ გაძლიერდა, ვიდრე ბოლო ათწლეულების მანძილზე“.
ბლინკენის თქმით, „ნატო გაცილებით დიდი, უფრო ძლიერი გახდა, ის უკეთაა აღჭურვილი სამომავლო გამოწვევების დასაძლევად... ახლა ჩვენ ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია გვაქვს. ის აღიარებს რუსეთს, როგორც უპირველეს საფრთხეს ალიანსისთვის და ხაზს უსვამს უსაფრთხოების ახალ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვმოქმედებთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მომავალი საფრთხეებისა და ტრანსნაციონალური გამოწვევების ფონზე, რაც ახალ ტექნოლოგიებს, კლიმატის ცვლილებას და ტერორიზმს უკავშირდება“.
SEE ALSO: ნატოს სამიტი წარმატებული საქმიანობის 75 წელს აღნიშნავსშეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ თუ 2020 წელს ნატოს მხოლოდ ცხრა მოკავშირე ასრულებდა საკუთარ ვალდებულებას - თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი დაეხარჯა - დღეს ამას 23 სახელმწიფო აკეთებს. მეტიც, ბლინკენის თქმით, ალიანსი "სამომავლოდ უზომოდ გაძლიერდა“ მას შემდეგ, რაც ნატოში ფინეთი და შვედეთი გაწევრიანდა.
„და თავად ალიანსმა გააძლიერა ჩვენი თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები; ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე; განვაახლეთ ჩვენი მართვის სტრუქტურა... ჩვენ გავაძლიერეთ შესაძლებლობები ყველა მიმართულებით, მათ შორის - კიბერ და გარე სივრცეში. ეს მუდმივი ვალდებულებები, მუდმივი ინვესტიციები უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ბლინკენმა.
ნატოს ერთიანობისა და მზაობის უდიდესი ილუსტრაციაა ის ურყევი მხარდაჭერა, რომელიც მოკავშირეებმა გამოუცხადეს უკრაინას, რუსეთის მათ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ალიანსის წევრებს შორის ტვირთის გაზიარების უდიდესი მაგალითია ის, რომ შეერთებული შტატები უკრაინას $102 მილიარდის დახმარებას უწევს, ხოლო მოკავშირეები და პარტნიორები - $158 მილიარდს.
„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულად მუშაობას, რათა უკრაინას ჰქონდეს ფინანსები, საბრძოლო მასალა და მობილიზებული ძალები, რათა იბრძოლოს საჭიროებისამებრ შემდეგი წლის განმავლობაში, ან ჰქონდეს მოლაპარაკების საშუალება, მაგრამ ძლიერი პოზიციიდან“, - თქვა მან.
„ჩვენ კრიტიკულ მომენტში ვიმყოფებით უკრაინისა და ტრანსატლანტიკური ღირებულებების დაცვის საქმეში, რასაც ეს ალიანსი ეფუძნება“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა:
„ნატო ორი მსოფლიო ომის შემდეგ იმ ინსტიტუციების ნაწილად გაერთიანდა, რომელთა აშენების მიზანი იყო - აღარასდროს გვქონოდა კიდევ ერთი გლობალური ხანძარი“.
ბლინკენის თქმით, „გაძლიერებული ნატო ნიშნავს აგრესიის შეკავების მეტ შესაძლებლობას, უფრო ეფექტიან მოკავშირეებს გაცილებით რთული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც ჩვენს ხალხს უფრო სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას აძლევს“.