Accessibility links

Breaking News

სამზადისი ნატოს ივლისის სამიტისთვის ვაშინგტონში


შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ვაშინგტონში ნატოს მოკავშირეების მასპინძლობას ამ ზაფხულს, ალიანსის 75-ე იუბილის აღსანიშნად, - აცხადებს ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, მან ისიც თქვა, რომ მოახლოებული შეხვედრა ასევე ემსახურება „იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ ნატოს ალიანსი უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანია, ვიდრე როდესმე ყოფილა“.

ივლისში, ნატოს ვაშინგტონის სამიტზე განხილვის მთავარი თემა უკრაინის მიმართ ალიანსის ერთობლივი მხარდაჭერა იქნება, - აღნიშნავს სალივანი:

„პუტინს ამ ალიანსის დანაწევრების იმედი ჰქონდა, მაგრამ დღეს ჩვენ კვლავ მივიღეთ ინფორმაცია ალიანსის სრულ ერთობაზე და ერთიანობის ინტენსივობის ისეთ ხარისხზე, როგორიც თითქმის ორი წლის წინ, რუსეთის მიერ დაუნდობელი თავდასხმის დაწყებიდან მოყოლებული, აქამდე არ ყოფილა. პუტინი ასევე იმედოვნებს [უკრაინის] მხარდაჭერის შენელებაზე. დღეს მე მოვისმინე ნატოს სხვადასხვა მოკავშირის მხრიდან ხელშესახები დახმარების განახლებულ ვალდებულებებზე იმ მამაცი უკრაინელების მხარდასაჭერად, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავენ“.

სალივანმა ნატოში ”ტვირთის განაწილების“ პასუხისმგებლობაც ახსენა. მისი თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ალიანსის კიდევ უფრო მეტი წევრი შეძლებს მთლიანი შიდა პროდუქტის ორპროცენტიან შენატანზე ვალდებულების შესრულებას, რაც ნატოს დაფინანსებისთვისაა საჭირო.

თეთრი სახლის მრჩევლის თქმით, ვაშინგტონის სამიტზე განხილვის კიდევ ერთი თემა თავდაცვის ინდუსტრიის ბაზის გაძლიერება იქნება, რათა კრიტიკული შესაძლებლობების წარმოების გაღრმავება მოხდეს.

„და ეს არ ეხება მხოლოდ ჯამურ მონაცემებს. ეს ასევე ეხება შესაძლებლობათა იმ ტიპებს, რომლებშიც ინვესტიციების ჩადება გვესაჭიროება. ეს იმიტომ, რომ ამ ბრძოლამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა ტექნოლოგიებისა და ომის განვითარების ცვალებად ბუნებაზე და ნატო ამ კუთხითაც მოწინავე პოზიციებზე უნდა იდგეს“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

მისი თქმით, ნატომ უკვე დაიწყო კავშირების გაღრმავება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან.

„ეს არ ნიშნავს ნატოს აზიაში შეყვანას. საუბარია ერთობლივ სამუშაოებზე ინდოეთ-წყნარი ოკეანის თანამოაზრე პარტნიორებთან, იმ გამოწვევების მიმართულებით, რომლებიც ნამდვილად სცდება გეოგრაფიულ, კიბერ, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას და დიახ, სხვა საკითხებთან ერთად - რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაღრმავებულ ურთიერთკავშირებს“, - განაცხადა სალივანმა.

ბრიუსელში შეკრებილმა ნატოს წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება. მათ შორის, ისაუბრეს ირანის მხრიდან შექმნილ საშიშროებაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის ხედვას.

სალივანის თქმით, ნატო სულმოუთქმელად ელის ალიანსში 32-ე წევრად, შვედეთის მიღებას.

ვაშინგტონის სამიტი კი გააგრძელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და დინამიკური თავდაცვითი საერთაშორისო ალიანსის მშენებლობას, რომელიც ნატოს სახელითაა ცნობილი.

XS
SM
MD
LG