ICAO-ს საბოლოო ანგარიში ბელარუსში მომხდარ „რაინეარის“ ინციდენტზე

2021 წლის 23 მაისს, ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა ყალბი შეტყობინება გაუგზავნეს კომერციულ თვითმფრინავს, რომელიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთდა, და მის ეკიპაჟს ბომბის საშიშროების გამო, ქვეყნის დედაქალაქ მინსკში ავარიული დაშვება აიძულეს. ირლანდიური „რაინეარი“ 126 მგზავრით და ეკიპაჟის 6 წევრით, ათენიდან (საბერძნეთი) ვილნიუსში (ლიეტუვა) მიფრინავდა. მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა დააკავეს და დააპატიმრეს ბელარუსი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მასთან ერთად მყოფი სოფია საპეგა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მმართველმა საბჭომ თითქმის მაშინვე იეჭვა, რომ საქმე განზრახ ჩადენილ დანაშაულთან ჰქონდა და 2021 წლის 27 მაისს, ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ორგანიზაციამ გამოძიება 2022 წლის ივლისში დაასრულა, მას შემდეგ, რაც მოისმინა დამაჯერებელი ჩვენებები და ბელარუსის საჰაერო კონტროლის კომუნიკაციის აუდიო ჩანაწერები თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებთან. ICAO გაეროს სააგენტოა, რომელიც 1947 წელს ჩიკაგოს კონვენციით დაფუძნდა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ევალება უსაფრთხო, დაცული და მდგრადი საერთაშორისო ავიამიმოსვლის უზრუნველყოფა.

SEE ALSO: ბელარუსმა სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი

მან საბოლოო დასკვნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ოქტომბრის ბოლოს წარუდგინა. „ICAO-ს ანგარიშმა დაადგინა, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა გამოიგონეს სიცრუე ბომბის საშიშროებაზე, რათა რეისი-4978 ეიძულებინათ, მინსკში დამჯდარიყო. მიზანი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავება იყო, რაც ჩიკაგოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა“ - განაცხადა ჯეფრი დელაურენტისმა, შეერთებული შტატების უფროსმა მრჩეველმა გაეროს უშიშროების საბჭოს საკითხებში.

„უკანონო ჩარევის ეს აქტი სამოქალაქო პირებს საფრთხეში აგდებს და ძირს უთხრის ფუნდამენტურ ნდობას პილოტებს და საჰაერო კონტროლს შორის, რასაც შესაძლოა, ხანგრძლივი გავლენა ჰქონდეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზე“ - თქვა ელჩმა დელაურენტისმა.

მისი თქმით, ბელარუსის რეჟიმის მიერ „რაინეარის“ „რეისი-4978-ისთვის კურსის იძულებით შეცვლა, რათა დაეკავებინათ დამოუკიდებელი ბელარუსი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი თანმხლები სოფია საპეგა, წარმოადგენს ავიაციის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას, ტრანსნაციონალური რეპრესიის აქტს და სამოქალაქო ავიაციის სანავიგაციო სისტემის მანიპულაციას“. შესაბამისად, ამას „შედეგი უნდა მოჰყვეს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია“ აღნიშნულ ქმედებაზე - აცხადებს დელაურენტისი.

აშშ-ის უფროსმა მრჩეველმა უშიშროების საბჭოს საკითხებში ასევე თქვა: „ეს არ არის პასუხისმგებლიანი საერთაშორისო აქტორის ქმედება. აქ, უშიშროების საბჭოში შეკრებილებს, ამ მრავალმხრივ სისტემაში, გვევალება მთელ მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა. ჩვენი პასუხისმგებლობაა დაფიქსირდეს ის ფაქტი, რომ ვგმობთ სახელმწიფო აქტორებს, რომელთაც უხეშად ხელყვეს საკუთარი ვალდებულებები და თავისი ფარული ინტერესები საერთაშორისო მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენეს“.

დასასრულს, ელჩმა დელაურენტისმა განაცხადა: შეერთებული შტატები მოუწოდებს მინსკში ლუკაშენკას რეჟიმს, გაათავისუფლოს სოფია საპეგა, შეწყვიტოს ოპოზიციონერი ჟურნალისტის - რამან პრატასევიჩის დამცირება და შეურაცხყოფა და უპირობოდ გაათავისუფლოს რეჟიმის მიერ დაკავებული 1 300-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი“.