ამერიკის შეერთებული შტატები 2025 წლის 20 იანვრისთვის ემზადება, როცა ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება. ამ ფონზე, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა, ისაუბრა მისი გადასახედიდან, ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე გადაუდებელ საფრთხეებზე.
„სტრატეგიულ დონეზე თუ შეხედავთ, კონკურენცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება მსოფლიო მომდევნო 10, 20 და 30 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი მომდევნო ადმინისტრაციისთვის”, - განაცხადა მან.
თეთრი სახლის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა პასუხისმგებლობით უნდა მართონ სახელმწიფოთა შორის კონკურენცია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ორივე ქვეყანამ ყველა დონეზე შეინარჩუნოს კომუნიკაციის არხები, განსაკუთრებით - მათ სამხედროებს შორის.
სალივანის თქმით, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის “ყველაზე გადაუდებელ” გამოწვევას წარმოადგენს „ირანი და მისი მარიონეტული ჯგუფები. [ისინი] განაგრძობენ ქმედებებს, რომლითაც უშუალო საფრთხეს უქმნიან ამერიკელებს და ამერიკის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში, და ეს დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს”.
SEE ALSO: ირანი თავის ბირთვულ ვალდებულებებს არღვევს„ამ ორთან [ჩინეთი და ირანი] ერთად, სახეზეა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის ომი, რაც გაცილებით დიდ საფრთხეს ქმნის ევროპისა და შესაბამისად, გლობალური უსაფრთხოებისთვის. ასევე ჩვენს წინაშეა ჩრდილოეთ კორეა, რომელიც უკანა კარიდან შემოდის და ამ ომში ჯარებს აგზავნის”, - აღნიშნავს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
სალივანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საგარეო პოლიტიკის გადაუდებელი პრობლემების წარმატებით გადაჭრა, ამერიკისა და ჩინეთის გრძელვადიანი კონკურენციის ჩათვლით, ორპარტიულ ფუნდამენტს მოითხოვს.
მისი თქმით, “პოლიტიკის ბევრი მიმართულება, რომელიც ჩვენ ამ ადმინისტრაციაში გავატარეთ, ორპარტიული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონთან მიმართებაში… იგივე ითქმის უკრაინის სტრატეგიაზე და რესურსებით მის დახმარებაზე, რადგან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გვქონდა და [მომხრე კანონმდებელთა] ხმები როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. ასე რომ, ჩვენი გადასახედიდან, ვისურვებდით, რომ ეს ასევე გაგრძელდეს”.
ეს არის გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც მომდევნო ადმინისტრაციას მოუწევს, აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. “მხოლოდ იმის თქმა შემიძლია”, - დასძინა ჯეიკ სალივანმა დასასრულს, რომ “როცა საქმე ეხება ჩვენს ალიანსებში ინვესტირებას, შინ ჩვენი ძლიერების წყაროებს, ჩვენი მოწინავე ტექნოლოგიების დაცვის უზრუნველყოფას, ეს არის ის მიმართულებები, რომელთა ადვოკატირებასაც ვაპირებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არა პოლიტიკური საკითხები, არამედ ამერიკული საკითხებია, რომელიც ამ ქვეყანაში მთელ ხალხს ემსახურება”.