შეერთებული შტატები კარა-მურზას სასჯელს გმობს

ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის სასამართლოში. რუსეთი, 17 აპრილი, 2023 წ.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს პროდემოკრატი რუსი აქტივისტის, ვლადიმირ კარა-მურზასთვის გამოტანილ განაჩენს და მისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას, რაც კარა-მურზას მიერ უკრაინაში რუსეთის მთავრობის მიერ დაწყებული აგრესიის წინააღმდეგ გამოსვლას უკავშირდება. თავად ის ფაქტი, რომ ბატონ კარა-მურზას 25 წელი საჯარო კომენტარზე პასუხად მიუსაჯეს, ხაზს უსვამს რუსეთის მთავრობის ერთგულებას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობის აღმოფხვრის მიმართ.

კარა-მურზა 2022 წლის აპრილში დააპატიმრეს და სასამართლომდე დაკავებული ჰყავდათ. მას ბრალად უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება წაუყენეს, მათ შორის- ომის დანაშაულთა ჩადენაზე საუბრისთვის. მოგვიანებით, მას სასამართლომ ღალატის ბრალდებაც დაუმატა, საკუთარ გამოსვლებში პუტინის და ომის მიმართ კრიტიკული შენიშვნების გამოთქმის გამო. ამას გარდა, დაუმტკიცდა ბრალი „არასასურველი ორგანიზაციების“ წევრობისთვის.

კარა-მურზა რუსეთში მოკლული ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მრჩეველი იყო. ის მამაცად იცავდა ადამიანის უფლებებს და რუსეთის მთავრობის მხრიდან დევნის სამიზნეც არაერთხელ გამხდარა. 2015 და 2017 წლებში ის მწვავე მოწამვლის მსხვერპლი გახდა, რაც კარა-მურზას აზრით, უშუალოდ მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდა.

SEE ALSO: რუსი უფლებადამცველის ვლადიმირ კარა-მურზას გათავისუფლება

ცნობილი დისიდენტები და პოლიტიკური ოპოზიციის ყველაზე გამოჩენილი წევრები ახლა ან დაჭერილები არიან, ან ქვეყნიდან გაიქცნენ. რუსეთში პუტინის და რეჟიმის კრიტიკოსები მკაცრად იდევნებიან „ამ განაჩენის შედარება მხოლოდ სტალინის პერიოდთან თუ შეიძლება“ - უთხრა რუსულ საინფორმაციო საშუალება „მედუზას“ იან რაჩინსკიმ. ის რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ ხელმძღვანელია. „განსაკუთრებით საშინელი ეს იმიტომ არის, რომ [განაჩენი] მას სიტყვების გამო გამოუტანეს. ეს საბოლოო ჯამში იმ ფაქტის სიმპტომია, რომ ოფიციალურ პირებს სიტყვების ეშინიათ, ისინი ცდილობენ გააჩუმონ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მათ წინააღმდეგ გამოდის“.

სპეციალურ განცხადებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა შეერთებული შტატების მოწოდება კრემლის მიმართ, კარა-მურზას გათავისუფლების შესახებ. ვაშინგტონი მოსკოვს სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენაც მოუწოდებს, რომელთა რიცხვი ვარაუდობენ, რომ 550-ს აღემატება.

„ჩვენ განმეორებით ვადასტურებთ სოლიდარობას ბატონ კარა-მურზას მიმართ და რუსეთის უფრო ნათელი მომავლის ყველა მამაცი დამცველისადმი, ვინც უსამართლოდაა დაჭერილი - ალექსეი ნავალნის, ილია იაშინის და ბევრ სხვათა ჩათვლით, ვინც თავის ქვეყანას და მის მოქალაქეებს ემსახურება, ვინც საკუთრი ცხოვრების მსხვერპლად გაღების ხარჯზე ცდილობს დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები“ - აცხადებს ვედანტ პატელი და დასძენს: „ვუერთდებით რა მათ ოჯახებს, მეგობრებს და მხარდამჭერებს რუსეთში და მთელ მსოფლიოში, მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლად გათავისუფლებას“.