გაეროს უშიშროების საბჭოში ახლახან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და ირანის საკითხებს ეხებოდა, რობერტ ვუდმა, გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა საგანგებო პოლიტიკურ საკითხებში, განაცხადა: „როდესაც გადახედავ ძალებს, რომლებიც დღეს ყველაზე დამანგრეველი და მადესტაბილიზებელი კონფლიქტების უკან დგას, ერთი ქვეყნის სახელს დაინახავ. ეს ისევ და ისევ ირანია”.
მისი თქმით, „ირანი აგრძელებს კონფლიქტებისა და არასტაბილურობის გაღვივებას ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში. მისი ბირთვული აქტივობაც კვლავ სერიოზული შეშფოთების საგნად რჩება”.
როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, ირანი აფართოებს თავის ბირთვულ პროგრამას, აღნიშნავს რობერტ ვუდი. მან ამის მაგალითად მოიყვანა თეირანის მიერ დამატებითი მოწინავე ცენტრიფუგების დაყენება და უაღრესად გამდიდრებული ურანის უფრო დიდი მოცულობის მარაგის შექმნა.
„ეს ყოველივე კი ხდება ირანის ოფიციალურ პირთა კომენტარების ფონზე, რომლებიც აცხადებენ, რომ ირანმა შესაძლოა შეცვალოს საკუთარი ბირთვული დოქტრინის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და შექმნას ბირთვული იარაღი“, - თქვა გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენლმა. „ირანის ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ის არ არის დაინტერესებული მისი ბირთვული პროგრამის მხოლოდ სამშვიდობო მიზნებით მუშაობის დადასტურებულად წარმოჩენაში. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავგმოთ ამგვარი სახიფათო საქციელი და ის, რომ ირანმა გადასაჭრელ საკითხებზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობა ჩააგდო”.
ვუდმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა: შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ დიპლომატია ყველაზე ეფექტიან გადაწყვეტას გვთავაზობს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეშფოთების მოსაგვარებლად:
„მართალია, დიპლომატია საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ასევე ნათლად აჩვენა, რომ ბირთვული ირანი გამოსავალი ვერასდროს იქნება. ჩვენ მზად ვართ, ამ შედეგის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ძალაუფლების ყველა ელემენტი გამოვიყენოთ“.
შეერთებული შტატები ასევე შეშფოთებულია ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) შეიარაღების პროგრამებით, თქვა რობერტ ვუდმა. ”ჩვენ ვნახეთ, რომ ირანმა ისინი გასულ წელს არაერთხელ გამოიყენა თავისი მეზობლების წინააღმდეგ”. გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ირანის რეჟიმის მიერ ჰუთებისთვის ბალისტიკური სარაკეტო ტექნოლოგიების მიწოდებაზე, ჰეზბოლას შეიარაღებით მომარაგებაზე და უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში გამოსაყენებლად, რუსეთისთვის დრონებისა და მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე.
ვუდმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მიმართა და უთხრა: „ჩვენ ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, დღეს გაკეთებულ განცხადებებში დავგმოთ ირანის თავხედური, მადესტაბილიზებელი ქცევა. მაგრამ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ”.
„როდესაც ირანი უხეშად ეწინააღმდეგება უშიშროების საბჭოს, უგულებელყოფს მის რეზოლუციებს და ამას შედეგი არ მოჰყვება… ეს ძირს უთხრის გაეროს სანდოობასა და ავტორიტეტს“, - თქვა რობერტ ვუდმა. “ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ირანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და გავაგრძელოთ ჩვენი მანდატის შესრულება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაწინაურებისთვის”.