რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებენ. სასამართლო პროცესი ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართება, სადაც 2023 წელს, მივლინებაში მყოფი გერშკოვიჩი თავდაპირველად დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ გერშკოვიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყო აკრედიტებული ჟურნალისტად მუშაობაზე, მოსკოვის ცნობილ ლეფორტოვოს ციხეში მან ერთ წელზე მეტი გაატარა.
გერშკოვიჩმა, მისმა დამსაქმებელმა “უოლ-სტრიტ ჯორნალმა” და შეერთებული შტატების მთავრობამ კატეგორიულად უარყვეს მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ ის "უსაფუძვლოდ დააპატიმრეს”.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ რუსეთის ბრალდებებს „აბსოლუტურად ნულოვანი სანდოობა“ აქვს.
„თავიდანვე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ევანს არაფერი დაუშავებია. ის იმთავითვე არ უნდა დაეპატიმრებინათ. ჟურნალისტიკა დანაშაულს არ წარმოადგენს. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყალბია და რუსეთის მთავრობამ იცის, რომ ისინი ყალბია. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა მან.
მილერის თქმით, შეერთებული შტატები ყოველდღიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ევან გერშკოვიჩი, ისევე როგორც კიდევ ერთი ამერიკის მოქალაქე და ყოფილი საზღვაო ქვეითი, პოლ უელანი სამშობლოში დაბრუნდნენ. უელანიც რუსეთში ხუთ წელზე მეტია უსამართლოდ ჰყავთ დაკავებული.
ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიშის გამოქვეყნებისას, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ორივე მამაკაცის დაკავებაზე ისაუბრა:
„რუსეთის მსგავსად, სხვა მთავრობებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თვითნებურად აკავებენ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანების სავაჭრო პროდუქტად გამოყენებისთვის. პოლ უელანი, ევან გერშკოვიჩი და ყველა უსამართლოდ დაკავებული ინდივიდი გათავისუფლებას იმსახურებენ. შეერთებული შტატები და ჩვენი ბევრი პარტნიორი კვლავაც გააგრძელებს ყოველდღიურ მუშაობას, რათა ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ და პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ სავალალო პრაქტიკას მიმართავს”.
კონგრესის ერთ-ერთ ბოლო მოსმენაზე გამოსვლისას, მძევლების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, როჯერ კარსტენსმაც გაუსვა ხაზი ერთობლივი რეაგირების აუცილებლობას ეგრეთ წოდებული ‘მძევლების დიპლომატიის’ გამოწვევაზე.
”ეს პრობლემა ბუნებით გლობალურია და შესაბამისად, გამოსავალი უნდა მოიძებნოს”, - აღნიშნა კარსტენსმა. „დარწმუნებული ვართ, რომ თუ პარტნიორთა კრიტიკულად საჭირო რაოდენობას შევკრავთ, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სავაჭრო საშუალებად გამოყენების საფასური გავზარდოთ, ჩვენ შევძლებთ ეფექტიანად შევაკავოთ ცუდი აქტორები და მოვსპოთ თვითნებური დაკავების პრაქტიკა, როგორც დიპლომატიური ინსტრუმენტი".