ამერიკა რუსეთ-ირანის თავდაცვითი პარტნიორობის ჩაშლაზე მუშაობს

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ)

შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთსა და ირანს შორის, თავდაცვის სფეროში მზარდი თანამშრომლობა ამხილოს და ჩაშალოს.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში, რუსეთმა ირანისგან ამ დრომდე ასობით დრონი მიღო, რაც მან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის და მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მოსაკლავად გამოიყენა.

როგორც ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, თავის განცხადებაში თქვა: „როგორც ჩანს, რუსეთ-ირანის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება“.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანისგან ღებულობს მასალებს, რომელიც რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისთვის ქარხნის ასაშენებლადაა საჭირო“ - განაცხადა მან. „შესაძლოა, ეს ქარხანა მომავალი წლის დასაწყისში სრულად ამოქმედდეს“. თეთრმა სახლმა მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე, მომავალი ქარხნის ინდუსტრიული ადგილის გამოსახულება გამოაქვეყნა.

SEE ALSO: უკრაინაში ჰუმანიტარული პრობლემები ღრმავდება

კირბის თქმით, თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა, ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის მსგავსია. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა, თავის მხრივ, თეირანს „უპრეცედენტო“ თავდაცვითი თანამშრომლობა შესთავაზა, მათ შორის - რაკეტების, ელექტრონული მოწყობილობების და ანტისაჰაერო თავდაცვის მეშვეობით. „ვაგრძელებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალების გამოყენებას, რათა ეს ქმედებები ვამხილოთ და ჩავშალოთ. მათ შორის ამის საზოგადოებისთვის გაზიარებით და მზად ვართ უფრო მეტი გავაკეთოთ“, აღნიშნა მან.

9 ივნისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის და ხაზინის დეპარტამენტებმა, უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული ირანის აქტიურობის შესახებ, სამრეწველობ სექტორისთვის განკუთვნილი საკონსულტაციო წერილი გამოაქვეყნეს. კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი:

„გვინდა უზრუნველვყოთ ის, რომ კერძო პირებს, თუ თავისთავად ტექნოლოგიურ კომპანიებს, გააზრებული ჰქონდეთ რისკები: როცა მათი პროდუქცია პოტენციურად ირანელთა ხელში აღმოჩნდება, ისინი მათ ირანული დრონების დასამზადებლად გამოიყენებენ. ასეთ დროს, ეს შეიძლება უდანაშაულო უკრაინელი ხალხის დასახოცად გამოიყენონ. სინამდვილეში, საკონსულტაციო წერილის დანიშნულებაა უზრუნველვყოთ, რომ ბიზნეს საზოგადოებას ჩვენი შეშფოთებები ესმის და საკუთარ პროცესებს და პროცედურებს გადახედავს“.

განცხადებაში ასევე გამოთქმულია მწვავე შეშფოთება რუსეთსა და ირანს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე. გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ რუსეთის და ირანის ქმედებები გაეროს 2231 რეზოლუციას არღვევს. ეს რეზოლუცია „ყველა ქვეყანას - მათ შორის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებს - ასეთი ტიპის იარაღის ირანისთვის გადაცემას უკრძალავს“.

თომას-გრინფილდის თქმით, „არსებობს გადაუდებელი საჭიროება, რომ ამ დარღვევების გამოძიების შესახებ ყველა მოწოდებას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ისმის, პასუხი გაეცეს. ამის გაკეთებას სიცოცხლეების გადარჩენა შეეძლება“. ამერიკის შეერთებული შტატები „გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას, რათა ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ამხილოს და ჩაშალოს“ - განაცხადა გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა.